საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, რომ მედიაჩეკერის ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაუყონებლივ შეწყდეს.
"პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ნინია კაკაბაძისა და სხვა ჟურნალისტების დაკავებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის, მედიაჩეკერის ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის მიმართ და გაუქმდეს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი". - წერია ქარტიის განცხადებაში.
პუბლიკის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 3 ნოემბერსაც ნინია კაკაბაძე აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - ეკეთა პრესის ბარათიც.
კაკაბაძე 3 ნოემბერს რუსთაველზე, აქციის დასრულების შემდეგ დააკავეს, თუმცა, ის მოგვიანებით პოლიციის შენობიდან გაათავისუფლეს.
"დამაკავეს, მომიყვანეს, დიდი ხანი მალოდინეს, ბავშვთან დარეკვის უფლებას არ მაძლევდნენ ძალიან დიდი ხანი. დაახლოებით 20 პოლიციელიდან 1 აღმოჩნდა მხოლოდ გულისხმიერი, რომელიც დამთანხმდა და მომცა საშუალება ბავშვთან დამერეკა, რომელიც მარტო იყო სახლში.
[...] ადვოკატთან ბოლომდე არ დამარეკინეს, მაგრამ გამომიშვეს, კარგი იყო, დიდი ესკორტით მომაქანეს, როგორც ცნობილი კრიმინალი და მერე ძაღლივით გამომაგდეს გარეთ, არც მანქანა, არც წაყვანა, ტაქსი გამოვიძახე.
[...] 4 ნოემბერს ჩაინიშნა პროცესი". - თქვა ნინია კაკაბაძემ მედიაჩეკერის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.





