რესპუბლიკელი სენატორის, სტივ დეინსის თქმით, სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს ჩართულობით დაწყებული ახალი გეოპოლიტიკური სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში საქართველო "სამწუხაროდ, არასწორი მიმართულებით მიდის".
გამოცემა Independence Avenue Media-ს ცნობით, ამის შესახებ მან Hudson Institute-ში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც სამხრეთ კავკასიის განვითარების პერსპექტივაზე იმსჯელეს.
დეინსის თქმით, საუბარია მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ და გეოპოლიტიკურ პროექტზე – "ტრამპის მარშრუტზე", რომელიც რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენებზე გვერდის ავლით, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
"სომხეთმა და აზერბაიჯანმა აშშ-სთან თანამშრომლობა აირჩიეს, საქართველო კი, სამწუხაროდ, არასწორი მიმართულებით მიდის". - თქვა დეინსმა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს აქვს თუ არა სურვილი რეალურად გადატვირთოს ურთიერთობა ვაშინგტონთან და ჩაერთოს რეგიონის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში.
"არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საქართველო ვერ შეიძლება გახდეს ახალი რეგიონული პარტნიორობის ნაწილი და ვერ ისარგებლოს ამით ისე, როგორც მისი ძალიან მნიშვნელოვანი მეზობლები ისარგებლებენ. ერთადერთი, რაც მათ უნდა გააკეთონ ისაა, რომ ხელი ჩაკიდონ აშშ-ს გაწვდილ ხელს და გააორმაგონ მათი ერთგულება პლურალისტური, დემოკრატიული მმართველობის სისტემისადმი. ისინი ამ დერეფნის გაფართოებაში სტრატეგიულ როლს თამაშობენ, განსაკუთრებით როგორც კავკასიის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც პირდაპირი გასასვლელი აქვს შავ ზღვაზე". - თქვა დეინსმა.





