1 ნოემბრის საღამოს რუსეთმა უკრაინაში, დნიპროპეტროვსკის ოლქის სამარის რაიონზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი ბიჭი - 11 და 14 წლის.
ამის შესახებ ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ვლადისლავ ჰაივანენკო საკუთარ Telegram-არხზე ავრცელებს.
1 ნოემბრის საღამოს მონაცემებით, იერიშის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაშავდა.
პარალელურად, ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ კიპერის ცნობით, ოლქში რუსულ იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. მისივე თქმით, რუსეთმა შაჰედის ტიპის დრონებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში, რომელსაც არანაირი სამხედრო მნიშვნელობა არ აქვს. იერიშის შედეგად ღია ავტოსადგომში 5 სატვირთო ავტომობილი დაზიანდა.
ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის მიხედვით, რუსულმა იერიშის შედეგად 17 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა და 3 ადამიანი დაშავდა, 58 000 მომხმარებელი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 2 ნოემბრის ღამით რუსეთმა უკრაინაზე იერიშისთვის Искандер-М ტიპის სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა და 79 დრონი, მათ შორის, 50 შაჰედის ტიპის დრონი, გამოიყენა. ВСУ-ს ინფორმაციით, ჩამოაგდეს და უვნებელყვეს 67 დრონი, ხოლო ერთი რაკეტა და 12 დრონი 12 ლოკაციაზე ჩამოვარდა.





