პროკურატურის განცხადებით, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვანი მეზობლის მიმართ ძალადობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედება და გარყვნილი ქმედებები განახორციელა. ასევე ბრალდებული დაზარალებულს მომხდარი ფაქტების გახმაურების შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრა". - ნათქვამია უყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) და 151-ე მულის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ).
უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.





