ზებგერითი თვითმფრინავები

Lockheed Martin-მა წარმატებით გამოცადა ზებგერითი თვითმფრინავი X-59

X-59 პირველი ფრენის დროს
Lockheed Martin

აშშ-ში, თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანია Lockheed Martin-ისა და NASA-ს პარტნიორობით, წარმატებით შესრულდა X-59-ის ტიპის ზებგერითი თვითმფრინავის პირველი ფრენა. როგორც Lockheed Martin-ის განცხადებაში წერია, თვითმფრინავი შექმნილია, რათა "გზა გაუხსნას უფრო ჩქარ კომერციულ საჰაერო მოგზაურობას".

თვითმფრინავის სატესტო ფრენა კალიფორნიაში გაიმართა. X-59 ფალმდეილში მდებარე აშშ-ს საჰაერო ძალების ბაზაზე განთავსებული Lockheed Martin-ის პროექტის, Skunk Works-ის ტერიტორიიდან აფრინდა და ედვარდსში, NASA-ს არმსტრონგის საფრენი კვლევების ცენტრში დაეშვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრენამ გეგმის მიხედვით ჩაიარა. 

X-59-ის დიზაინი ითვალისწინებს ზებგერითი ტალღით გამოწვეული ხმაურის დახშობას. ამჟამად ზებგერითი კომერციული ფრენები აკრძალულია, რადგან მსგავს თვითმფრინავებს დიდი ხმაურის გამოწვევა შეუძლიათ. Lockheed Martin-ში იმედოვნებენ, რომ საკუთარი ინოვაციით, მსგავსი შეზღუდვების გარღვევას შეძლებენ.

პირველი ფრენა დაბალი სიჩქარით, 370 კმ/სთ-ით შესრულდა. მომდევნო თვეებში თვითმფრინავის ტესტირება გაგრძელდება. იგეგმება პირველი ზებგერითი ფრენები, რომლის დროსაც X-59 მიაღწევს ხმაურის მინიმალიზაციისთვის ოპტიმალურ სიჩქარესა და სიმაღლეს. X-59-ის სიჩქარე 1 490 კმ/სთ უნდა იყოს.

NASA-სა და Lockheed Martin-ს შორის თვითმფრინავზე თანამშრომლობის კონტრაქტი 2018 წელს დაიდო.

კომენტარები