პროკურატურის განცხადებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების სხვადასხვა საქმეზე დაკავებულია 4 პირი, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 1 პირის მიმართ დაიწყეს. ამის შესახებ თბილისის პროკურორის მოადგილემ შოთა ტყეშელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
უწყების ცნობით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - საუბარია 3 საქმეზე.
გამოძიების ცნობით, სმაილ თრეველ ჯორჯია მოქალაქეების კუთვნილ 1 მილიონ ლარს მოტყუებით დაეუფლა.
"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ტურისტული კომპანიის სმაილ თრეველ ჯორჯიას წარმომადგენლებმა 2024-2025 წლებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით ფიზიკური პირებისგან მასიურად მოახდინეს დიდი ოდენობით თანხების ორგანიზება და 200-მდე დაზარალებულის კუთვნილი დაახლოებით 1 მილიონი ლარი მოტყუებით მიისაკუთრეს ისე, რომ აღებული ვალდებულება არ შეასრულეს". - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლებრივ საქმეზე გამოძიება გრძელდება ბრალდებულთა მიერ მოტყუებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად, შესაძლებელია დაზარალებულთა რაოდენობა და მოტყუებით დაუფლებული თანხის ოდენობა გაიზარდოს.
გარდა ამისა, პროკურატურის ბრიფინგზე კიდევ ერთ საქმეზე ისაუბრეს, კერძოდ, მათი ცნობით, გამოვლენილია, კონკრეტული იურიდიული პირის - ზეკარის წყაროების 100%-იან წილზე ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტი.
"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ზეკარის წყაროების წარმომადგენლებს ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაპირდა, სანაცვლოდ კი წილების დათმობა მოითხოვა. ნდობის მოსაპოვებლად ბრალდებულმა, თავის მხრივ, სხვა დაზარალებულისაგან მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით თანხიდან ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება და პარტნიორებს 100%-იანი წილის გადაფორმება მოსთხოვა. აღნიშნული ხერხით, ბრალდებულმა კომპანიის 100%-იანი წილი ოჯახის წევრებზე გადააფორმა, თავად კი არც საწარმოს საკრედიტო ვალდებულებები დაფარა და ორგანიზაციის 100%-იან წილსაც მოტყუებით დაეუფლა, შედეგად იურიდიული პირის მესაკუთრეებს მილიონ 500 0000-ზე მეტის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს 163 000 ლარამდე ქონებრივი ზიანი მიადგათ". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რაც შეეხება მესამე საქმეს, გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა თანხის დაუფლების მიზნით, ერთ-ერთ კომპანიასთან ფორმალური ხელშეკრულება გააფორმეს, რის შედეგადაც თანხა მიიღეს - ნაკისრი ვალდებულებები კი არ შეასრულეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულს გაუფორმეს ე.წ. მოჩვენებითი ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ. შეთანხმებისამებრ, დაზარალებულებმა კონკრეტული სამუშაოსათვის განკუთვნილი 123 134 ლარი ბრალდებულებს გადასცეს. ბრალდებულებმა არ შეასრულეს ფორმალურად ნაკისრი ვალდებულება და მითითებული დიდი ოდენობით თანხა მიისაკუთრეს". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
აღნიშნულ საქმეებზე დაკავებულ პირებს, ბრალი სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინათ, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, მათი შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეედარდათ.





