აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუკი ეცოდინება, რომ შედეგად რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის რუსეთის პრეზიდენტთან "დროს არ დაკარგავს".
"უნდა ვიცოდეთ, რომ შეთანხმებას დავდებთ. დროის ტყუილად კარგვას არ ვაპირებ. ყოველთვის დიდებული ურთიერთობა მქონდა ვლადიმირ პუტინთან, მაგრამ ეს ძალიან იმედგამაცრუებელი იყო." - თქვა ტრამპმა.
"ჩინეთი მნიშვნელოვნად ამცირებს რუსული ნავთობის შესყიდვას და ინდოეთი სრულად აჩერებს და ჩვენ სანქციებიც დავუწესეთ." - დაამატა მან მას შემდეგ, რაც ჰკითხეს, აპირებს თუ არა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე პეკინის მხრიდან რუსული ნავთობის შესყიდვის საკითხის განხილვას.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზიისკენ მიემგზავრება, სადაც მალაიზიასა და იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ტრამპი არაერთ მსოფლიო ლიდერს შეხვდება, მათ შორის, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგსაც.
მანამდე, 22 ოქტომბერს, ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა გააუქმა, პარალელურადაც სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიებს, Rosneft-სა და Lukoil-ს, სანქციები უწესებს.
მას შემდეგ Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსული ნავთობის იმპორტის მკვეთრად შემცირებას აპირებენ, რათა რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ აშშ-ს ახალ სანქციებს დაემორჩილონ. ასევე Reuters-ის ცნობით, აშშ-ს სანქციების შემდეგ საზღვაო გზით რუსული ნავთობის შესყიდვა ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმაც შეწყვიტეს.
-
Reuters: ინდოელი ნავთობგადამამუშავებლები რუსული ნავთობის იმპორტის მკვეთრად შემცირებას გეგმავენ
-
Reuters: ჩინურმა სამთავრობო ნავთობგადამამუშავებლებმა რუსული ნავთობის შესყიდვები შეწყვიტეს
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ს მხრიდან რუსული ნავთობკომპანიების, Lukoil-ისა და Rosneft-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებამდე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სანქციების სამი სხვადასხვა პაკეტი წარუდგინეს, რომლებიც უკვე თვეების განმავლობაში იყო გაწერილი და გამზადებული.
აშშ-ს მაღალჩინოსნებმა WSJ-სთან თქვეს, რომ სანქციების სამი გეგმიდან ყველაზე მძიმე ვარიანტი რუსულ ინდუსტრიასა და მოწინავე რუს ლიდერებზე იყო გათვლილი; შუალედური ვარიანტი ეხებოდა რუსეთის ენერგეტიკის სექტორს, ხოლო უფრო მსუბუქი გეგმა შედარებით შეზღუდული სახით სანქციების დაწესებას გულისხმობდა.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა შუალედური ვარიანტი აირჩია. მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ყველაზე მტკიცე ნაბიჯის გადადგმამდე კი ტრამპმა 22 ოქტომბერს ოვალურ ოფისში თავის მრჩევლებს ჰკითხა, ეთანხმებოდნენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას, რაზეც, ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და თავდაცვის ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა დადებითი პასუხი გასცეს.
სანქციების გამოცხადების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განმარტა, რომ სანქციები არ ნიშნავს, რომ შეიცვალა ტრამპის ადმინისტრაციის ზოგადი მიზანი, აიძულოს რუსეთს, მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვიდეს.
"ჩვენ მაინც გვსურს რუსებთან შეხვედრა," განუცხადა რუბიომ რეპორტიორებს და დაამატა, რომ "პრეზიდენტი [ტრამპი] თვეების განმავლობაში განმეორებით ამბობდა, რომ გარკვეულ ეტაპზე მას რაღაცის გაკეთება მოუწევდა, თუ ჩვენ სამშვიდობო შეთანხმებაზე პროგრესი არ გვექნებოდა. დღეს არის დღე, როცა მან რაღაცის გაკეთება გადაწყვიტა."
ამავდროულად, 25 ოქტომბერს გამოცემა Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მოამზადა, რომლებიც აშშ-მ მოსკოვს შესაძლოა, იმ შემთხვევაში დაუწესოს, თუ პუტინი უკრაინაში ომის გაჭიანურებას გააგრძელებს.





