ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ტრამპის თქმით, აზიაში ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინთან შეხვედრაც სურს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, 30 ივნისი, 2019
REUTERS/Kevin Lamarque/File Photo

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აზიაში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრაც სურს. 

"შევხვდებოდი. თუ გინდათ, რომ სიტყვა გაავრცელოთ, ღია ვარ ამის მიმართ," განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე და დაამატა, რომ კიმთან "დიდებული ურთიერთობა ჰქონდა."

ცნობისთვის, პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ჩრდილოეთ კორეაში შეაბიჯა, როდესაც მან და კიმ ჩენ ინმა 2019 წელს ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. 

მალაიზიასა და იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ტრამპი არაერთ მსოფლიო ლიდერს შეხვდება, მათ შორის, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგსაც იმ ფონზე, როცა ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

პირველი ვადის განმავლობაში ტრამპი კიმს პირისპირ სამჯერ შეხვდა, თუმცა მხარეებმა ბირთვული განიარაღების პროგრამაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მას შემდეგ, მეზობელი სახელმწიფოების თქმით, ჩრდილოეთ კორეამ მრავალჯერ გამოცადა კონტინენტთაშორისი რაკეტები. 

თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ტრამპთან კვლავ შეხვედრის იდეას იმ შემთხვევაში, თუკი აშშ შეწყვეტს "აბსურდულ" მოთხოვნას, რომ ჩრდილოეთ კორეამ უარი თქვას ბირთვულ იარაღზე. 

სამთავრობო მედიის ცნობით, კიმმა გასულ თვეს აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით კვლავ "კარგი მოგონებები" აქვს. 

კომენტარები