რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინის EU-ში შესვლა ნიშნავს მეტ სტაბილურობას ევროპაში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა, სადაც ევროკავშირის ლიდერები უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის გზებს განიხილავენ.

სამიტის დაწყებამდე ზელენსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ევროკავშირის ლიდერებს ინფორმაციას მიაწვდის ჰუმანიტარული საჭიროებების შესახებ, რუსეთის გაძლიერებული დარტყმებისა და მშვიდობის მისაღწევად მიმდინარე ძალისხმევის ფონზე.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას კი ზელენსკიმ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, იპოვონ გზა ხელოვნური ბლოკადის მოსახსნელად და გახსნან უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების კლასტერები.

"უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რაც აუცილებელია კლასტერების დროულად გასახსნელად. ბლოკადა ხელოვნურია და ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა წინსვლისთვის. მოგიწოდებთ, იპოვოთ გზა, რომ ევროკავშირმა შეასრულოს თავისი დაპირება, რადგან უკრაინა ასრულებს თავისას". - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება ნიშნავს მეტ სტაბილურობას ევროპაში და ასევე, ეს არის საერთო თავდაცვისა და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების ნაწილი.

გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები არის იარაღი, რომელსაც ომის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია.

"შეხედეთ, როგორ ნერვიულობდა პუტინი, როდესაც ეს თემა წამოიჭრა. მას ესმის, რომ შორი მოქმედების იარაღს შეუძლია ომის მიმდინარეობის შეცვლა". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები