საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე ვენეციის კომისიამ სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
"ვენეციის კომისიამ წარადგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე. ეს საჩივარი ზუსტად ერთი წლის წინ გაიგზავნა, რეკორდულად სწრაფ ვადაში დაკომუნიცირდა და კომუნიკაციის ეტაპიც დასასრულს უახლოვდება.
ეს ის საქმეა, რუსთავი 2 და არამარტო, სიუჟეტებს რომ ამზადებდნენ და გვაბრალებდნენ, თითქოს საქმე საერთოდ არ იყო გაგზავნილი. ჩაბარების დასტური გვაჩვენეთო.
ვენეციის კომისია არაა ერთადერთი, ვინც მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ამ საქმეზე. ძალიან ავტორიტეტულმა სხვა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ/კოალიციამ ასევე გააგზავნა სასამართლო მეგობრის პოზიციები სტრასბურგის სასამართლოში". - წერს ქურდოვანიძე.
ცნობისთვის, 15 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, ვენეციის კომისიამ ქართული ოცნების მიერ მიღებულ, "სიტყვა-სიტყვით ნათარგმნ" "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა" და ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა კანონმდებლობებზე კრიტიკული შეფასება გამოაქვეყნა.





