4 ოქტომბრის საქმე

შეუძლიათ, გაასაჯაროონ კადრები – შაშიაშვილის ადვოკატი პენიტენციურს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული ევა შაშიაშვილის ადვოკატმა, მარიამ გაბრიჭიძემ TV პირველთან საუბრისას პენიტენციური სამსახურის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ შეუძლიათ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის კადრები გაასაჯაროონ.

"მას [შაშიაშვილს] ეცვა რამდენიმე ზომით დიდი ტანსაცმელი, შარვალი და ქურთუკი, ფეხსაცმელი იყო აბსოლუტურად დახეული. მითხრა, რომ პრობლემა ჰქონდა დაბანასთან დაკავშირებით და როცა მისცეს ამის საშუალება და მოწესრიგდა, გამოსაცვლელიც კი არ ჰქონდა და დადიოდა პლედით, რომ ტანსაცმელი გაეშრო და შემდეგ გამოეცვალა. იუსტიციის სამინისტროს გაუვრცელებია განცხადება, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. შეუძლიათ, გაასაჯაროონ გუშინდელი 5-საათიანი კამერის ჩანაწერები, როდესაც ის იყო გამოყვანილი ჩემთან.". - თქვა ადვოკატმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური "ცრუ და გადაუმოწმებელს" უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ ევა შაშიაშვილის მდგომარეობას ეხება. კერძოდ, უფლებადამცველების გავრცელებული ცნობებით, შაშიაშვილი იმყოფება არაადამიანურ პირობებში, მას არ აქვს ფეხსაცმელი, შარვლის სარტყელად იყენებს პოლიეთილენის პარკს და არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალება.

კომენტარები