ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლობის (ERR) ინფორმაციით, ქვეყნის მესაზღვრეებმა რუსი სამხედროები შენიშნეს რუსეთის საატსეს რეგიონში, რომელში გამავალი გზითაც სარგებლობა ესტონელებს შეუძლიათ.
მანამდე, 10 ოქტომბერს, რეგიონში გაზრდილი რუსული სამხედრო მოქმედებების გამო ესტონეთმა საატსეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით ჩაკეტა.
რუსეთის საატსეს რეგიონი 115 ჰექტრის ფართობის მქონე ტერიტორიაა, რომელიც ესტონეთში "ჩექმის" ფორმის მოყვანილობით არის შეჭრილი. რეგიონში გამავალი გზა ორ ესტონურ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს, ამიტომ წლების განმავლობაში არსებობდა შეთანხმება, რომ ესტონელებს ამ გზით სარგებლობა შეუძლიათ, თუმცა მათ გზაზე გაჩერება აქვთ აკრძალული.
ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭომ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ პუნქტის ჩაკეტვა მას შემდეგ მოხდა, რაც მესაზღვრეებმა რუსულ მხარეს მოძრავი უჩვეულოდ დიდი ზომის სამხედრო დანაყოფი შენიშნეს. 11 ოქტომბერს კი სააგენტომ ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც შეიარაღებული რუსი სამხედროები საატსეს რეგიონში გამავალ გზაზე დგანან.
"თავდაპირველად ისინი [რუსი სამხედროები] გზის გასწვრივ მოძრაობდნენ, მაგრამ ერთ მონაკვეთში ისინი გზაზე ხაზად დადგნენ. ჩვენთვის ეს მკაფიოდ სახიფათო ვითარებას ქმნის. ჩვენ დავიწყეთ საატსეს რეგიონის ორივე მხარეს მანქანების გაჩერება და მძღოლებს ვითარება გავაცანით, და გავაფრთხილეთ ზონაში პატრულირებების შესახებ. მძღოლების უმეტესობამ გააგრძელა, თუმცა ნაწილი უკან გაბრუნდა. მესაზღვრეებმა რუსეთის მხრიდან მოითხოვეს ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა. მათი პასუხი იყო, რომ არაფერი ხდებოდა და რომ ეს სრულად რუტინული ოპერაციები იყო. ჩვენთვის ეს იყო საფრთხის შემცველი ვითარება, რის ფარგლებშიც მოგვიწია საატსეს რეგიონში გამავალი გზის დროებით ჩაკეტვა," განაცხადა PPA-ს სამხრეთ პრეფექტურის სასაზღვრო დაცვის ბიუროს უფროსმა, მელის საარეპუმ.