AFD

AfD-ს წევრი რუსეთში ფორუმში მონაწილეობისთვის რეგიონული პარლამენტის ფრაქციიდან გარიცხეს

ულტრამემარჯვენე პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) თავისი დეპუტატი, რობერტ რიში ჰამბურგის რეგიონულ პარლამენტში ფრაქციიდან გარიცხა. ამის მიზეზი გახდა მისი მონაწილეობა ანტიგლობალისტების ფორუმში, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გაიმართა.

ანტიგლობალისტების ფორუმში რიშის მონაწილეობის შესახებ თავდაპირველად RFE/RL წერდა. მათივე ცნობით, მის წინააღმდეგ AfD-ში დისციპლინური დევნაა დაწყებული და ის შესაძლოა, პარტიიდანაც გარიცხონ.

პარტიის ინფორმაციით, რიში ფორუმზე მომხსენებლად გამოვიდა და ტრიბუნა "საჯარო გამოსვლისთვის" გამოიყენა, რაც პარტიისა და მისი ფრაქციის გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე გაკეთდა.

ამასთან, AfD-ს ჰამბურგის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, დირკ ნოკემანის თქმით, რიშმა "პარტია შეცდომაში შეიყვანა" და ამბის გამოაშკარავების შემდეგ სინანულიც არ გამოუთქვამს.

სექტემბერში სანკტ-პეტერბურგში საერთაშორისო ანტიგლობალისტური ლიგის, პალადინების ფორუმი გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც რუსეთის დაზვერვის სააგენტოსთან დაახლოებული ბიზნესმენი კონსტანტინ მალოფეევი და ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი იყვნენ.

კომენტარები