ქართული ოცნების პოლიტიკა

კობახიძე: ევროპულ ბიუროკრატიას აღიზიანებს ქართველი ხალხი, მისი ბრძოლა მშვიდობისთვის

ირაკლი კობახიძე  
TV იმედი

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული ბიუროკრატია გაღიზიანებულია ქართველ ხალხზე, თუმცა ამის მიუხედავად, მას ჰგონია, რომ ისინი არ გადადგამენ არაპრაგმატულ ნაბიჯს და არ დასჯიან ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით.

"როცა გამოდის ევროკავშირის პრესსპიკერი და პირდაპირ მხარს უჭერს პაატა ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის მცდელობას, ხო ნუ ხედავთ რამხელა აბსურდშია შესული ევროპული ბიუროკრატია, ამ ფონზე შეიძლება არაფერი გაგიკვირდეს, მაგრამ მე მაინც მეეჭვება, რომ გაღიზიანების მიუხედავად, ძალიან აღიზიანებთ მათ ქართველი ხალხი, მისი არჩევანი, მისი ბრძოლა მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის, მაგრამ ამ ფონზეც კი მე არ მგონია, რომ ასეთი არაპრაგმატული ნაბიჯი გადადგან და სცადონ ქართველი ხალხის დასჯა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით." 

ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე თუ რას აკეთებენ იმისთვის, რომ არ შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, ივანიშვილის პრემიერმა ასე უპასუხა - "ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ზოგადად ევროინტეგრაციისთვის, ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის, მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულება, ყველანაირი რეფორმების გატარება, საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა მიმართულებით, ყველა ობიექტური კრიტერიუმით, ნახეთ ნებისმიერი ობიექტური ინდექსი, მათ შორის, ევროკომისიის შეფასებები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, ბიზნენის თავისუფლება და ასე შემდეგ, ყველა მიმართულებით საქართველო არის პირველ ადგილზე, ეს არის ჩვენ, რასაც ვაკეთებთ, დანარჩენი ვნახოთ რამდენად პრაგმატული იქნება ევროკავშირის დამოკიდებულება, თუ იქნება პრაგმატული, ამ შემთხვევაში ჩვენ 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი.”

ბოლოს კობახიძეს კითხეს, ჰქონდა თუ არა მოლოდინი, რომ უვიზო მიმოსვლა შეიძლება შეუჩერდეთ მაღალჩინოსნებს და არა ქართველ ხალხს, რაზეც მან დასძინა - “ეს უკვე აღარ არის საინტერესო, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით რომ დიპლომატიურ პასპორტებზე გაავრცელეს ასეთი შეზღუდვა, თუ გააფართოებენ ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, როცა თავისუფლებისთვის იბრძვი, იქ რაღაცა ვიზის რიგში ჩადგომა მეათეხარისხოვანი საკითხია.”

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ წესებს, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესს გაამარტივებს.

კომენტარები