აშშ

Reuters: აშშ-მ ახალი თაობის ავიაგამანადგურებლისთვის კომპანია შესაძლოა, ამ კვირაში შეარჩიოს

Boeing-ის კონცეპტ არტი, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს F/A-XX-ის პოტენციური დიზაინი (2013 წ.)
Boeing

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისა და კიდევ ორი წყაროს მიხედვით, რამდენიმეთვიანი დაგვიანების შემდეგ, პენტაგონმა შესაძლოა, ამ კვირაშივე შეარჩიოს თავდაცვის კომპანია, რომელიც ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ახალი თაობის სტელსის ტიპის ავიაგამანადგურებელს შექმნის და აწარმოებს.

ამ მრავალ მილიარდდოლარიანი პროექტის მიზანი ახალი ავიაგამანადგურებლის შექმნა იქნება, რომელიც ჩინეთთან გასამკლავებლად აშშ-ს ძალისხმევაში ცენტრალურ როლს შეასრულებს. 

აშშ-ს მთავრობასთან კონტრაქტის მოსაპოვებლად ერთმანეთს ორი კომპანია, Boeing Co. და Northrop Grumman Corp., ეჯიბრება, რათა ახალი სამხედრო თვითმფრინავის, სახელად F/A-XX-ის, წარმოებისთვის მათი კომპანია შეარჩიონ. 

Reuters-ის წყაროების თქმით, კომპანიის შერჩევის გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა 3 ოქტომბერს მიიღო. ერთი-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა გამარჯვებულის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, ამ კვირაშივე გამოაცხადოს.

თუმცა წყაროები ასევე ამბობენ, რომ წარსულში ყოფილა შემთხვევები, როცა გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა პროცესის შეფერხება გამოიწვია, შესაბამისად, მსგავსი რამ ამჯერადაც შეიძლება მოხდეს. 

გამოცემის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ F/A-XX-ს ექნება გაუმჯობესებული სტელსის შესაძლებლობები, უკეთესი მოქმედების რადიუსი და გამძლეობა, ასევე უნარი, რომ ინტეგრირდეს როგორც უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავებთან, ასევე სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდებზე დაფუძნებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებთან. 

კომენტარები