რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჩეხეთის პრეზიდენტი პარტიებს მოუწოდებს, გააგრძელონ კიევისთვის საბრძოლო მასალების მიწოდება

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი
REUTERS/David W Cerny

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში პოპულისტი მილიარდერის, ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-ს გამარჯვების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ჩეხეთის ინიციატივის შეწყვეტა, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებას გულისხმობს, დააზიანებს როგორც ჩეხეთს, ასევე რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. 

პარტია ANO-მ, რომელსაც ხსენებული პროგრამის შეწყვეტის სურვილი აქვს გამოთქმული, 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტის ქვედა პალატაში 200 ადგილიდან 80 მოიპოვა. ახლა უმრავლესობის მოსაპოვებლად სხვა პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.

არჩევნებამდე ბაბიშს ნათქვამი ჰქონდა, რომ შეაჩერებდა უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების ჩეხურ ინიციატივას, რომელიც, მისი თქმით, ზედმეტად ძვირადღირებულია და არ არის გამჭვირვალე. ბაბიშის აზრით, ამაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირმა და NATO-მ უნდა აიღონ. 

"ჩვენ რომ შევამციროთ ან სულაც შევწყვიტოთ ეს მხარდაჭერა, პირველ რიგში ჩვენს თავს ვავნებთ, მაგრამ ამ მხარდაჭერის შეჩერებას ნეგატიური გავლენა ექნება უკრაინაზეც, თუ ბევრად მეტი ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს." - თქვა პაველმა. 

პაველმა ასევე აღნიშნა, რომ ბაბიშს შეუძლია, უფრო ახლოდან გაეცნოს ინიციატივას, რათა დაინახოს, თუ როგორ მუშაობს ის. 

"ვვარაუდობ, რომ როგორც ანდრეი ბაბიშთან და ასევე სხვა პარტიების წარმომადგენლებთან, ჩვენ გავითვალისწინებთ, პირველ რიგში, ჩეხეთის რესპუბლიკის, ჩვენი მოკავშირეებისა და უკრაინის მსგავსი პარტნიორების ინტერესებს, და ზიანს არ მივაყენებთ მათ ან ჩვენს თავს," - დაამატა პაველმა. 

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ბაბიშის პარტია პირველ ადგილზე გავიდა, ხმების 34.5%-ით. მეორე ადგილზეა მოქმედი პრემიერმინისტრის, პეტრ ფიალას კოალიცია, ხმების 23.4%-ით. ხოლო მესამე ადგილზე, ხმების 11.2%-ით, პარტია STAN-ია, რომელიც აქამდე მმართველი კოალიციის წევრი იყო. შედეგად, პარლამენტში ANO-ს 80 ადგილი ექნება, ფიალას კოალიციას - 52, ხოლო STAN-ს - 22 მანდატი.

დათვლილი ხმების მიხედვით, ბაბიშს საპარლამენტო უმრავლესობის დაკომპლექტება ამ რიცხვებით არ შეეძლება. ბაბიშის სავარაუდო პარტნიორები პოპულისტური პარტია მოტორისტები საკუთარი თავისთვის და ულტრამემარჯვენე, ევროსკეპტიკური პარტია თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია (SPD). მოტორისტებისა და ANO-სგან განსხვავებით, SPD საკუთარ შეხედულებებში რადიკალურია და მხარს უჭერს ევროკავშირისა და NATO-ს დატოვებას.

ბოლო მონაცემებით, მეკობრეების პარტიამ 9% აიღო და 18 ადგილის დაკავებას შეძლებს. SPD და მოტორისტები კი მეოთხე ადგილზე გავიდნენ ხმების 7.8%-თა და 6.8%-ით, შესაბამისად, ისინი პარლამენტში 15 და 13 ადგილით იქნებიან წარმოდგენილი. 

კომენტარები