რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 5 ოქტომბერს ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში "პოზიტიური" ტრენდები განადგურდება, თუკი ვაშინგტონი უკრაინას Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტებს გაუგზავნის.
"შორი რადიუსის სარაკეტო სისტემების, მათ შორის, Tomahawk-ების, უკრაინისთვის მიწოდება გამოიწვევს რუსეთსა და აშშ-ს შორის აღმოცენებადი პოზიტიური ტრენდების განადგურებას," განუცხადა პუტინმა რუს პროპაგანდისტს, პაველ ზარუბინს.
ცნობისთვის, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას განიხილავს.
მანამდე, 27 სექტემბერს, WSJ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 2 400 კილომეტრს აღემატება.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 სექტემბერს Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვს" შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია.





