თვითმმართველობა 2025

ცესკოს წინასწარი შედეგებით, 64-ვე მაჟორიტარულ ოლქში ოცნების მერობის კანდიდატი იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 64-ვე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იმარჯვებს. 

საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ხმათა უმეტესობა არის დათვლილი, ხოლო ფოთში ყველა ხმა უკვე დათვლილია - ოცნების კანდიდატმა, ბექა ვაჭარაძემ, რომელიც ქალაქში ერთადერთი მერობის კანდიდატია, ხმების 100% მოიპოვა. 

ცესკოს მიხედვით, ქუთაისში დათვლილია ხმების 98.701%, ხოლო ოცნების მერობის კანდიდატი, დავით ერემეიშვილი 85.649%-ით იმარჯვებს, მეორე ადგილი კი გახარია საქართველოსთვის კანდიდატს, პაატა ზაქარეიშვილს ხმების 8.07%-ით უკავია.

ამასთან, ბათუმში ხმების 98.889% არის დათვლილი - წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატი, გიორგი ცინცაძე 80.616%-ით ლიდერობს, გახარია საქართველოსთვის კანდიდატმა, გოჩა გუგუნავამ კი ხმების 10.358% მიიღო. 

ხოლო რუსთავში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, წინასწარი შედეგებით, ხმების 91.933% მოიპოვა, ხოლო გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელმა თამარ კეკენაძემ - 8.067%. ცესკოს თანახმად, რუსთავში ამ ეტაპზე ხმების 95.082% არის დათვლილი. 

ცნობისთვის, 20:00-სთვის დიდი და თვითმმართველი ქალაქებიდან ყველაში ამომრჩეველთა აქტივობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა წინა თვითმმართველობის არჩევნებს.

აქედან 5-ში აქტივობა ჩამოუვარდება როგორც 2021 ისე 2017 წლების არჩევნებს.

ტაბულა აქტივობათა შედარებას გთავაზობთ:

  1. თბილისი: 2025 - 31.08%, 2021 - 49.1%, 2017 - 43.4%;
  2. ქუთაისი: 2025 - 32.51%, 2021 - 44.53%, 2017 - 35.36%;
  3. რუსთავი: 2025 - 35.93%, 2021 - 48.7%, 2017 - 38.66%;
  4. ზუგდიდი: 2025 - 31.84%, 2021 - 43.9%, 2017 - 37.99%;
  5. ბათუმი: 2025 - 38.05%, 2021 - 52.36%, 2017 - 36.37%;
  6. ფოთი: 2025 - 39.64%, 2021 - 52.01%, 2017 - 45.06%, 

კომენტარები