დათუნაშვილი: 12:00 საათისთვის აქტივობა არის ძალიან მაღალი, მადლობა ოპოზიციურ ამომრჩეველს

ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენლის, თაზო დათუნაშვილის თქმით, 12:00 საათის მდგომარეობის აქტივობა არის ძალიან მაღალი, რისთვისაც დათუნაშვილი ოპოზიციურ ამომრჩეველს მადლობას უხდის.

"12:00 საათის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, თბილისში მიმდინარე საარჩევნო პროცესში დარღვევებზე დაწერილია 100-ზე მეტი საჩივარი. ამის პარალელურად, მინდა გითხრათ, რომ 12:00 საათისთვის აქტივობა არის ძალიან მაღალი, ამისთვის მადლობას ვუხდი ოპოზიციურ ამომრჩეველს, ვისაც ესმის ამ ბრძოლის ველის მნიშვნელობა და ვინც მოვიდა საარჩევნო ყუთებთან.

მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, ვისაც აღარ უნდა იცხოვროს რუსული სცენარით, რუსულ ქალაქებსა და სოფლებში, რომელსაც უნდა, რომ ამ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალური ცხოვრება სწორი მიმართულებით, აუცილებლად მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და მოიხადოთ თქვენი სამოქალაქო ვალი. ქართული ოცნების აგონიური მდგომარეობა ნიშნავს, რომ მათ აქვთ პრობლემები. თქვენი აქტივობა შეიძლება იყოს გადამწყვეტი, ამიტომ აუცილებლად მოდით არჩევნებზე" - ამბობს დათუნაშვილი ბრიფინგზე. 

დათუნაშვილმა ასევე ისაუბრა დარღვევის ტიპებზე, რაც მოცემული დროისთვის მათმა გუნდმა შეამჩნია. 

"მთავარ პრობლემად იკვეთება ის, რომ თბილისის ათობით უბანზე კამერებს აზიანებენ, რაკურსს უცვლიან, ცდილობენ, რომ გააჩერონ. წერენ უცნაურ საჩივრებს, რომ კამერის გადაღება გააჩერონ. სერიოზულ პრობლემას უქმნით კამერები. ცალსახად იკვეთება ტენდენცია, რომ ისინი ატრიალებენ თბილისის ბევრ უბანზე ე.წ. საარჩევნო კარუსელს. ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ მტკნარ და ბინძურ ტყუილს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ახლა ავრცელებენ, თითქოს საჩივრები არ არის დაწერილი. 100-ზე მეტი საჩივარია დაწერილი და ცესკო-ს ყაჩაღებს აქვთ გაცემული ბრძანება, კალანდარიშვილი ყაჩაღის თამადობით, დირექტივაა კომისიებზე, რომ არ მიიღონ საჩივრები, რომ არ მიიღონ ჩვენ მიერ დაკისრებული საჩივრები და ბევრ უბანზე საჩივრები არ განიხილება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საჩივრები იქნას მიღებული. მაგრამ კალანდარიშვილი ცდილობს, დაბლოკოს ეს საჩივრები მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ტენდენცია იკვეთება მთელი საქართველოს მასშტაბით. დარღვევის ტიპებია: ე.წ. კარუსელი, იკვეთება ტენდენცია განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, რომ ტექნიკური სარეგისტრაციო აპარატები სპეციალურად გააფუჭონ, რადგან ჟურნალით აღრიცხვაზე გადავიდნენ და ამით გაამარტივონ გაყალბების მეთოდები. აგრეთვე კონკრეტული უბნები დავასახელეთ, სადაც ჩამოყენებული ჰყავთ ე.წ. სამარშრუტო ტაქსები და უბნებთან ახლოს არიგებენ ფულს და აწარმოებენ ამომრჩევლის მოსყიდვას. ეს ტენდენცია იკვეთება თბილისშიც, ბათუმშიც, გორშიც, თელავშიც და ბევრ სხვა საარჩევნო ოლქსა და უბანზე.

ამის მიღმა, ერთ-ერთი მთავარი ტრადიცია, რომელიც ქართულ ოცნებაში აქვს, ეს არის ამომრჩევლის აღრიცხვა და ამ ამომრჩევლის იძულება, რომ საარჩევნო უბნებზე მიიყვანონ. ეს ხდება აბსოლუტურად უკანონო გზით. მათ შორის, სოციალურად დაუცველებს აშანტაჟებენ სოციალური დახმარების მოხსნით და ეძახიან ქართული ოცნების სასარგებლოდ მისცენ ხმა. ქართულ ოცნებას აქვს სერიოზული პანიკა და ყველა მეთოდით ცდილობს, რომ გააყალბოს საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეს ბრძოლა არის სწორი ბრძოლა, მნიშვნელოვანი ბრძოლა და საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ უნდათ ივანიშვილის საქართველოში ცხოვრება, აუცილებლად უნდა გამოვიდნენ არჩევნებზე და მოიხადონ სამოქალაქო ვალი" - თქვა დათუნაშვილმა. 

ცესკოს განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე 10 საათის მონაცემებით 275 948 ამომრჩეველი მივიდა. ცესკოს პროცენტი არ დაუსახელებია, თუმცა, ამომრჩეველთა სრული რაოდენობის გათვალისწინებით, აქტივობა დაახლოებით 7.85%-ია, თბილისში - 63 500 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 6.09%-ია. 

12 საათის მონაცემებით 602 445 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 17.15%-ია, თბილისში - 134 902 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 12.93%-ია. 

კომენტარები