3 ოქტომბერს სარა მალალი კენტერბერიის მთავარეპისკოპოსად დაინიშნა. ის მსოფლიოს მასშტაბით 85 მილიონი ანგლიკანის სულიერი ლიდერი და პირველი ქალი გახდა, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.
63 წლის მალალი 2018 წელს ლონდონის ეპისკოპოსად დაინიშნა - ანგლიკანური ეკლესიის მესამე ყველაზე მაღალი რანგის ეპისკოპოსად კენტერბერისა და იორკის არქიეპისკოპოსების შემდეგ.
"როგორც მთავარეპისკოპოსის, ჩემი ვალდებულება იქნება უზრუნველვყო, რომ ჩვენ განვაგრძოთ გადარჩენილთა მოსმენა, დაუცველებზე ზრუნვა და კულტურის გაძლიერება, რომელიც ყველას უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ისახავს მიზნად" - თქვა კენტერბერის ახალმა მთავარეპისკოპოსმა თავის პირველ მიმართვაში.
სასულიერო კურთხევამდე, მალალი ლონდონის საავადმყოფოებში ექთნად მუშაობდა და შემდეგ მან გაერთიანებული სამეფოს საექთნო ოფიცრის პოზიცია დაიკავა.
"ჩემი გზის ყველა ეტაპზე - ექთნობის კარიერიდან ქრისტიანულ სამსახურებამდე - ყურადღებით მოსმენა ვისწავლე: როგორც ადამიანების, ასევე ღვთის ნაზი მინიშნებების. ხალხის გაერთიანებას ვცდილობდი, რათა ერთად იმედი და განკურნება ეპოვათ" - თქვა მალალიმ.
კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის კანდიდატებს გაერთიანებული სამეფოს სამეფო ნომინაციების კომისია არჩევს. კომისია, რომელიც 17 წევრისგან შედგება, ერთ პრიორიტეტულ კანდიდატს ასახელებს, რომელსაც შემდეგ პრემიერმინისტრი ადასტურებს.
თუმცა, მთავარეპისკოპოსს პოზიაზე ფორმალურად გაერთიანებული სამეფოს მონარქი ნიშნავს, რომელიც ანგლიკანური ეკლესიის უმაღლესი მმართველია. ბრიტანეთში მონარქის ეს როლი სათავეს იღებს იმ დროიდან, როცა მეფე ჰენრი VIII-მ უარი თქვა პაპის ძალაუფლებაზე და თავი ახალი ეკლესიის ხელმძღვანელად გამოაცხადა.
ცნობისთვის, კენტერბერიის ყოფილი არქიეპისკოპოსი, ჯასტინ ველბი, გასულ წელს გადადგა. 2023 წელს ის საქართველოს ესტუმრა და საოკუპაციო ხაზთანაც მივიდა.





