რუსეთში, მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციური მედია დოჟდის ჟურნალისტს, ეკატერინე კოტრიკაძეს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
კოტრიკაძეს ბრალად ედება "რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება".
იმავე მუხლით წინასწარი პატიმრობა მიესაჯა დოჟდის კიდევ ერთ ჟურნალისტს, ვალერია რატნიკოვას.
გარდა ამისა, წარსულში წინასწარი პატიმრობები მიესაჯათ ტელეკომპანია დოჟდის კიდევ 2 თანამშრომელს: ჟურნალისტ ანა მონგაიტს და მთავარ რედაქტორს, ტიხონ ძიადკოს.
თბილისში დაბადებული ეკატერინე კოტრიკაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართულ და რუსულ მედიებში. 2020 წლიდან არის დოჟდის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანი.





