გამოცემა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფინეთის პრემიერმინისტრმა, პეტერი ორპომ თქვა, რომ ევროკავშირმა რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისგან თავის დასაცავად ერთობლივად უნდა იმოქმედოს და არა მხოლოდ სავაჭრო ბლოკი, არამედ თავდაცვითი ძალაც უნდა იყოს.
ამის შესახებ ორპომ კოპენჰაგენში დღეს, 1 ოქტომბერს დაგეგმილ სამიტამდე ილაპარაკა, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ეხება.
"EU-ს საერთო შესაძლებლობები გვჭირდება, ამიტომ EU-ს დაფინანსება და EU-ს თანამშრომლობა გვჭირდება. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სოლიდარობა გამოვავლინეთ, მაგალითად, კოვიდის შემთხვევაში, ეკონომიკაში, მიგრაციის საკითხზე. ახლა დროა, რომ სოლიდარობა უსაფრთხოებაში გამოვავლინოთ". - თქვა ორპომ.
დღეს კოპენჰაგენში გამართულ სამიტზე რიგი ქვეყნების ლიდერებმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირეს იდეას, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთობლივი თავდაცვის შესაძლებლობები გააძლიერონ და "დრონების კედელი" შექმნან. თუმცა, ორპომ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს NATO-ს მოკავშირეების უგულებელყოფას არ გულისხმობს.
"ჩვენ NATO-ს ვენდობით, ეს ცხადია. ევროკავშირს შეუძლია მეტი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნებს დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს NATO-ს, მაგალითად, ჩვენი სამხედრო მრეწველობის გაძლიერებით, რაც საჭიროა. ევროპაში უფრო ძლიერი სამხედრო მრეწველობის, სამრეწველო შესაძლებლობის გარეშე ჩვენი თავდაცვა უფრო ძლიერი ვერ იქნება". - თქვა ორპომ.
ორპომ Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარი ევროპის ქვეყნების საერთო საზღვარია და რუსეთისგან მომავალი საფრთხე იმ ქვეყნებისთვისაც არის რელევანტური, რომლებიც მას არ ესაზღვრებიან. ფინეთის პრემიერის თქმით, ამაზე დანიის მაგალითიც მეტყველებს.
"ეს შემთხვევები, ეს თავდასხმები მთლიანად ევროპის წინააღმდეგ არის მიმართული. ვინაა შემდეგი? დანია არ არის მოსაზღვრე ქვეყანა, ამიტომ ვხედავთ, რომ ეს მთელი ევროპის მასშტაბით არის შესაძლებელი". - თქვა ორპომ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დღეს ევროკავშირის ლიდერები ივნისის შემდეგ პირველად შეხვდნენ, ხოლო ორპომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "მას შემდეგ მრავალი რამ მოხდა".
"არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ პუტინს მშვიდობა სურს. ამიტომ ყველანი ვღელავთ, მე ძალიან ვღელავ და ახლა დროა, რომ აქ ვიმოქმედოთ". - თქვა ორპომ.
ამ კვირაში დანიაში ევროპის კონტინეტის უსაფრთხოების გაძლიერებისა და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდის შესახებ ორი სამიტი იმართება. დღეს, 1 ოქტომბერს, EU-ს ლიდერებს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, ხოლო ხვალ NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან, დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, გასულ კვირაში დანიის აეროპორტებსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან რამდენიმე დრონი შენიშნეს, რასაც 27 სექტემბერს სამხედრო ავიაბაზის თავზე უცნობი დრონების გამოჩენა მოჰყვა, რომლის შესახებაც ინფორმაცია სამხედრო პირებმა გაავრცელეს.
მანამდე, რამდენიმე დიდი ზომის დრონის გამოჩენის მიზეზით სკანდინავიის რეგიონში ყველაზე გადატვირთული კოპენჰაგენის აეროპორტი რამდენიმე საათით დაიკეტა. იმავე მიზეზით მომდევნო დღეებში ხუთმა სამოქალაქო და სამხედრო აეროპორტმა რამდენიმე დღით მუშაობა შეაჩერა.
23 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ესტონეთმა თავის საჰაერო სივრცეში სამი რუსული MiG-31 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის გამოჩენის შესახებ განაცხადა, NATO-მ მოსკოვი გააფრთხილა, რომ თავდაცვისთვის "ყველანაირ სამხედრო და არასამხედრო საშუალებას გამოიყენებდა."
ამის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 27 სექტემბერს NATO და ევროკავშირი გააფრთხილა, რომ "ნებისმიერი აგრესია [რუსეთის მიმართულებით] შესაბამის პასუხს მიიღებს."
უცნობი დრონების მიერ გამოწვეული საფრთხის თაობაზე 27 სექტემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმაც განაცხადა და დაამატა, რომ ქვეყანა თავდაცვისთვის საჭირო ზომებს მიიღებდა.
მანამდე, 10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს" იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.
მოგვიანებით, რუმინეთმა თავის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონის გამო საჰაერო განგაში გამოაცხადა და F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები ააფრინა, რომლებიც დრონს აედევნა.
რუმინეთი მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ "საჰაერო სივრციდან ობიექტების ვარდნის შესაძლებლობა" იყო.
ცოტა ხნის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა და ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.





