წინასაარჩევნო დაპირება

გადავწყვიტეთ თბილისში 2 ახალი საბაგირო გზა მოვაწყოთ - მერი 2020 წლის დაპირებას იმეორებს

კახა კალაძის თქმით, თბილისში ორი ახალი საბაგირო გზის მშენებლობა იგეგმება. მისი განცხადებით, მეტროსადგურ სარაჯიშვილისა და ზღვისუბნის, მეტროსადგურ ისნისა და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მოეწყობა. 

აღსანიშნავია, რომ კალაძემ ჯერ კიდევ 2019 წელს განაცხადა, რომ საბაგიროების აშენება იგეგმებოდა

„დედაქალაქში ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით მსხვილი პროექტების განხორციელებას  განვაგრძობთ. ჩვენ მეტად საპასუხისმგებლო და რთული რეფორმა გვაქვს წამოწყებული, თუმცა, თქვენი, თბილისელების გვერდით დგომით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აღნიშნული მიმართულება მთლიანად მოწესრიგებული იყოს. გადავწყვიტეთ, რომ თბილისში ორი ახალი საბაგირო გზა მოვაწყოთ, ხოლო ერთ-ერთი ძველი საბაგიროს ნაცვლად, იმავე ხაზის ხელახალი მშენებლობა განვახორციელოთ.

საბაგირო გზების მშენებლობა ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებია. ეს ერთი მხრივ, ამსუბუქებს საგზაო მოძრაობას და ამცირებს საცობებს, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს სწრაფ, ეკოლოგიურ და ხელმისაწვდომ ტრანსპორტს მოსახლეობისთვის. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქში ხელს უწყობს საბაგიროს საზოგადოებრივ ტრანსპორტად დამკვიდრებას, საგრძნობლად ამცირებს მგზავრობის დროს, ხელს უწყობს რთულად მისადგომი უბნების მომსახურებას. ასევე, უზრუნველყოფს  მეტროსადგურებთან კავშირს, რაც სატრანსპორტო მისაწვდომობას ზრდის 

მოეწყობა მეტროსადგურ სარაჯიშვილისა და ზღვისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, რომელიც ზღვისუბანსა და ახალ პარკს მეტროსადგურ სარაჯიშვილთან უმოკლესი გზით დააკავშირებს. 4-სადგურიანი საბაგირო დღეში, დაახლოებით, 22 000 მგზავრს მოემსახურება. იგეგმება ასევე, მეტროსადგურ ისნისა და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებებს მეტროსადგურ ისანთან დააკავშირებს. აღნიშნული საბაგირო 5-სადგურიანი იქნება და დღეში,
დაახლოებით, 35 000 მგზავრს მოემსახურება. გარდა ამისა, დემონტაჟი ჩაუტარდება მეტროსადგურ სამგორისა და ვაზისუბნის დამაკავშირებელ ძველ საბაგირო გზას, ხოლო მის ნაცვლად, ახალი საბაგირო გზა
მოეწყობა. ორი ახალი საბაგიროს მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, რაც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია სისტრას მიერ მომზადდა. აღნიშნული პროექტების განხორციელების დეტალებზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზე“ - თქვა თბილისის მერმა კახი კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

ცნობისთვის, 2019 წელს, კახი კალაძემ საბაგიროების აშენების გეგმაზე განაცხადა - "მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება: ეს არის სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი - თემქა და სამება-მახათის მთა. შესაბამისად, გვჭირდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება. დაახლოებით, 750 ათასი ლარი დაიხარჯება და 5 თვე დასჭირდება ამ კვლევის ჩატარებას. სრული სურათი გვექნება, პრიორიტეტების მიხედვით თუ რომელია ყველაზე საინტერესო მიმართულება ამ ჩამოთვლილ მიმართულებებს შორის. შესაბამისად, 5 თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ. სამივე მიმართულებაზე ძალლიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება და დარწმუნებული ვარ, საბაგიროს პროექტების განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება ისეთი შესაძლებლობა, როგორც მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსებია." 

2020 წელს, კალაძემ თქვა, რომ თბილისში სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგიროს პროექტები განხორციელდება, - "2016 წლის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ახმეტელი-თემქისსამგორი-ვაზისუბნისა და სამება-მახათას მთის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური საბაგირო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა. აქედან გამოიკვეთა ორი კონკრეტული არეალი, სადაც ყველანაირად მიზანშეწონილია და შესაძლებელია, ახალი საბაგიროს პროექტების განხორციელდება. ეს არის სამგორი - ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი - ზღვისუბნის საბაგირო პროექტები" 

დედაქალაქის მერმა, ხუთი წლის წინ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში გამოაცხადებდა ტენდერს პროექტის განსახორციელებლად. 

"სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვასისუბნის დასახლებას, სადაც 40 ათასზე მეტი მაცხოვრებელია, დააკავშირებს მეტროსადგურ სამგორთან. ეს გააუმჯობესებს სატრანსპორტო მდგომარეობას. მეორე პროექტი, მეტროსადგურ სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიას ზღვისუბნის ტერიტორიასთან დააკავშირებს. ერთი სადგური აუცილებლად უნდა განთავსდეს თემქის ხევში. პირველი პროექტისთვის ივლისში უკვე კონსულტანტს ავიყვანთ და წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში გამოვაცხადებთ ტენდერს პროექტის განსახორციელებლად."

კომენტარები