ადგილობრივი არჩევნები 2025

ჩანაწერი დაჩეხილია და არ შეესაბამება სინამდვილეს – ლელოს ყოფილი კანდიდატი

კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2

ყიზილაჯლოში ლელოს მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატის, კარა ორუჯევის თქმით, ლელოს მიერ გავრცელებული სატელეფონო ზარის ჩანაწერი დაჩეხილია და "ჩანაწერის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს".

ორუჯევმა რუსთავი 2-ს უთხრა, რომ კანდიდატურა თავისი ნებით მოხსნა და არავის არც ფული შეუთავაზებია და არც კრიმინალურ ავტორიტეტბთან ჰქონია შეხება.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორუჯევის თქმით, უკანონოდ ჩაწერეს და შემდეგ ჩანაწერი გააყალბეს, რის გამოც, სასამართლო სარჩელს ამზადებს.

"მეგობრს ვესაუბრებოდი, რომელიც ლელოს პარტიის წევრია. მინდა ვთქვა, რომ ჩანაწერი დაჩეხილია და საუბრის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს. ახლო ნათესავებმა მითხრეს, რომ ჩემი კანდიდატურა მომეხსნა და ეს გადაწყვეტილებაც ამითაა განპირობებული. ლელოს პარტიის ლიდერებს განვუმარტე, რომ არ დაეშვათ ის შეცდომები, რაც წინა არჩევნებზე დაუშვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე პარტიიდან წავიდოდი. ამის მიზეზი ჩემში კი არა, არამედ პარტიის თავმჯდომარეშია, რომელმაც პროცესის ორგანიზება ვერ შეძლო. საერთოდ არ ვიცი რა კრიმინალურ ავტორიტეტებზეა საუბარი. ჩანაწერში ამგვარი რამ არ არსებობს. არავის არც ფული შემოუთავაზებია და არც კრიმინალურ ავტორიტეტებთან მისაუბრია. ვთქვი, რომ ვერც კრიმინალები და ვერც ვერავინ მოახდენს ჩემზე ზეწოლას. პარტია საკუთარი ნებით დავტოვე". - უთხრა ქრონიკას ორუჯევმა.

ცნობისთვის, პარტია ლელოს შეფასებით, მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა მათ კანდიდატებზე, რადგან ქართული ოცნება მათი სახით საფრთხეს ხედავს.

29 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე სატელეფონო ზარის ჩანაწერი წარადგინეს, სადაც ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი, კარა ორუჯევი საუბრობს იმაზე, თუ რატომ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

"მე ჩემმა ბიჭებმა გამიკეთეს ეს ამბავი, მე უკვე მრცხვენია შენთან მოსვლის... იქ დიდი ბიზნესმენები არიან, ქურდები. მე ეგენი არ მაინტერესებს, შვილი მუშაობს... ის (ძმის შვილი) მუშაობდა მაგათთან. ჩემი ნათესავი (ძმის შვილი) მაგათთან სპორტ დარბაზში მუშაობდა. მაშინ მაგათმა (ბიზნესმენებმა) 100 000 ლარის, 100 000 მეტის იყო, ინვენტარი მისცეს სპორტული დარბაზისთვის. გეფიცები. მერე მითხრეს, 70 წლის ხომ არ ვარ, ახალგაზრდა ვარ, მითხრეს ყველგან იმუშავებ, სადაც ხარ და მეტიც, მერე გამიმეორეს, რაც მანამდე მითხრეს, 4-ის მერე ახალი არჩევნები დაინიშნება, მარტში იქნება საპარლამენტო და იქაც დაინიშნებიო... მე მას ვუთხარი, ყველას პატივს გცემთ, მაგრამ ცხოვრებისეულად ცუდი სახელი გამიკეთეთ... და ამის მერე გამაკეთებინეს განცხადება." - ამბობს ორუჯევი აუდიოჩანაწერში.

კომენტარები