რუსული რეჟიმი

ჭეიშვილი: ლიბერალურ ფაშიზმის ტირაჟირებისთვის უნივერსიტეტებს იყენებენ - რეაგირებაა საჭირო

ამ ე.წ. ტრენინგებზე თუ სემინარებზე ხდება გარკვეული რომანტიზება იმისა, რასაც ჰქვია ძალადობა, ტერორიზმი და სხვადასხვა მსგავსი ქმედებები. ბუნებრივია, ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია და ამაზე სახელმწიფოს ექნება პასუხი, უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში. ერთია 4 ოქტომბერი და მათი დაანონსებული სახელმწიფო გადატრიალება, მეორეა ის რეკრუტირება ამ ახალგაზრდების და ის პირდაპირ რომ ვთქვათ ტირაჟირება ლიბერალურ ფაშიზმს რასაც ვუწოდებთ ჩვენ, ამ იდეოლოგიის, რასაც ისინი ახდენენ და ამისთვის იყენებენ ისინი შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებს.  

უმაღლესი განათლების და ზოგადად განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, შესაბამისი კომისია მუშაობს მთავრობის დონეზე და ძალიან მალე კონკრეტული კონცეფცია იქნება წარმოდგენილი. რაც იქნება თავისთავად, მათ შორის, ერთ-ერთი ფაქტორი და პრევენციის მექანიზმი, იმისა, რომ თუნდაც კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, არ იქნეს გამოყენებული როგორც ინსტრუმენტი ინდოქტრინაციისა შესაბამისი ფოკუს ჯგუფების. ამას აუცილებლად სჭირდება რეაგირება და ეს რეაქცია არ დააყოვნებს.

ის რამდენიმე უნივერსიტეტი, რომელიც იქნა ხსენებული ამ კონტექსტში პირდაპირ რომ ვთქვათ, შექმნილია იმ გზით, როცა ხდებოდა სხვა უნივერსიტეტების ზოგჯერ შეიძლება გაკოტრება, მათი ქონების წართმევა და ა.შ. ასე ხელოვნურად ქმნიდნენ ისინი კონკრეტულ კერძო უნივერსიტეტებს და ვხედავთ რაში იყენებენ ისინი მათ და ამ კონკრეტულ ბაზას. მნიშვნელოვანია ამას პასუხი გაეცეს.

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, თორნიკე ჭეიშვილი სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის ეთერში, ამავე არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს უნივერსიტეტში "მოქმედებს ფრანკლინის კლუბის ანალოგი", სადაც ახალგაზრდებს რადიკალიზმს ასწავლიან.

კომენტარები