რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი ევროპას ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ პარტნიორებს საერთო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა. 

"უკრაინა სთავაზობს პოლონეთსა და ყველა სხვა პარტნიორს, რუსეთის საჰაერო საფრთხის წინააღმდეგ საერთო, სანდო ფარი შევქმნათ. ეს შესაძლებელია. უკრაინას შეუძლია ნებისმიერი რუსული დრონისა და რაკეტის მოგერიება და თუ ჩვენ რეგიონში ერთად ვიმოქმედებთ, გვექნება საკმარისი იარაღი და წარმოების შესაძლებლობა" – თქვა ზელენსკიმ. 

10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

23 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ესტონეთმა თავის საჰაერო სივრცეში სამი რუსული MiG-31 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის გამოჩენის შესახებ განაცხადა, NATO-მ მოსკოვი გააფრთხილა, რომ თავდაცვისთვის "ყველანაირ სამხედრო და არასამხედრო საშუალებას გამოიყენებდა." 

გარდა ამისა, გასულ კვირას, დანიის აეროპორტებსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან რამდენიმე დრონი შენიშნეს, რასაც 27 სექტემბერს სამხედრო ავიაბაზის თავზე უცნობი დრონების გამოჩენა მოჰყვა, რომლის შესახებაც ინფორმაცია სამხედრო პირებმა გაავრცელეს.

მანამდე, რამდენიმე დიდი ზომის დრონის გამოჩენის მიზეზით სკანდინავიის რეგიონში ყველაზე გადატვირთული კოპენჰაგენის აეროპორტი რამდენიმე საათით დაიკეტა. იმავე მიზეზით მომდევნო დღეებში ხუთმა სამოქალაქო და სამხედრო აეროპორტმა რამდენიმე დღით მუშაობა შეაჩერა.

კომენტარები