რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კელოგის თქმით, ტრამპმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანის ნება დართო

უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი
AP Photo/Susan Walsh

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა თქვა, რომ ტრამპმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშების მიტანის ნება დართო. 

ამის შესახებ კელოგმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა

“ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რაც მან თქვა და რაც ვიცეპრეზიდენტმა ვენსმა და ასევე მდივანმა რუბიომ თქვეს, პასუხი არის კი, გამოიყენეთ სიღრმეში დარტყმის შესაძლებლობა. თავშესაფრები არ არსებობს”. - თქვა კელოგმა.  

მანამდე, რეპორტიორის კითხვის პასუხად კელოგმა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას ზოგიერთ შემთხვევაში იერიშის მიტანის ნებას რთავს, ზოგიერთში კი - არა, ხოლო ასეთ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ტრამპის, როგორც ქვეყნის მთავარსარდლის, პოზიცია გადამწყვეტია.

“შერეულია, ზოგჯერ მათ ნება დართული აქვთ, ზოგჯერ - არა. ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ძალიან ყურადღებით უნდა მივყვეთ იმას, რასაც პრეზიდენტი ამბობს. კონსტიტუციით, ის არის მთავარსარდალი და ყველა ემორჩილება”. - თქვა კელოგმა. 

ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე ზელენსკის მხრიდან Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების თხოვნაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ეს განიხილება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.

27 სექტემბერს WSJ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელთა მოქმედების რადიუსი  2 400 კილომეტრს აღემატება. 

WSJ ასევე წერდა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები შემდეგ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ჩავლენ, რათა აშშ-ს თავდაცვის მინისტრთან, პიტ ჰეგსეთთან მოლაპარაკებები გამართონ. 

ცნობისთვის, 23 სექტემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვს" შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია. 

მოგვიანებით, Fox-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხეს, გაკვირვებულია თუ არა ტრამპის ბოლო გზავნილით, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთისგან ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება.

ზელენსკის თქმით, ტრამპი ხედავს რომ უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს არ სურს ომის დასრულება, რის გამოც აშშ მზად არის უკრაინას ბოლომდე გვერდში ედგეს.

კომენტარები