შეხვედრა ბიზნესთან

ბიზნესს 4 ოქტომბრის არ ეშინია, ივანიშვილის დასანქცირება დაგვაზიანებს – კოხოძე

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თემურ კოხოძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ბიზნესს დააზიანებს. ამის შესახებ კოხოძემ ივანიშვილის წარმომადგენელთან, ირაკლი კობახიძესთან ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

კოხოძის თქმით, არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ ნებისმიერი ბიზნესმენის დასანქცირება დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის.

"თუ დასანქცირდება, რა თქმა უნდა, დააზიანებს ბიზნესს. ნებისმიერი კუთხით და საერთოდ, ნებისმიერი ბიზნესმენის დასანქცირება დაგვაზიანებს ჩვენ" - თქვა კოხოძემ.

მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს დამატებით სანქციები დაუწესდეს. 

"ვერ გეტყვით, არ მგონია. ვფიქრობ, რომ არ მოხდება. არ მგონია [სანქციები დაუწესდეს]. ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია, რას აკეთებს და როგორ აკეთებს. დღეს ვერ ვხედავ უბრალოდ [დასანქცირებას]". - ამბობს კოხოძე. 

ჟურნალისტების შეკითხვაზე "მიზეზებს თუ ხედავთ ივანიშვილის დასანქცირების"? - კოხოძემ უპასუხა, რომ "ვერ გეტყვით მაგას ახლა, შესწავლა უნდა, ნახვა უნდა".

დღეს კობახიძე ბიზნესმენებს 4 ოქტომბერთან დაკავშირებითაც ესაუბრა და უთხრა, რომ ის მშვიდად ჩაივლის. 

ჟურნალისტებმა კოხოძეს აღნიშნულ საკითხზეც ჰკითხეს, ეშინიათ თუ არა ბიზნესმენებს 4 ოქტომბრის, რაცზეც თქვა, რომ "არა, არ გვეშინოდა".

კობახიძე ბიზნესმენებს დახურულ ფორმატში საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციის შემდეგ შეხვდა.

კომენტარები