გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინა თავდაცვის ძალისხმევის დასაფინანსებლად €140-მილიარდიანი უპროცენტო სესხით უნდა უზრუნველყოს. ამის შესახებ მერცი Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
მერცის თქმით, ეს სესხი სამხედრო ტექნიკის დაფინანსებას უნდა მოხმარდეს, ხოლო მისი შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებები კიევთან ერთად ევროკავშირის მთავრობებმა უნდა მიიღონ.
FInancial Times აღნიშნავს, რომ ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკისა და უკრაინის უმსხვილესი მხარდამჭერის ლიდერის ეს მოწოდება მაშინ კეთდება, როცა ევროპული კომისია 194 მილიარდი ევროს მოცულობის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების ვარიანტებს განიხილავს, რომლებიც ბელგიაში ინახება.
საკუთარ სტატიაში მერცი ამტკიცებს, რომ აუცილებელია ბლოკმა ამ აქტივების გამოსაყენებლად სამართლებრივი მექანიზმი იპოვოს და აღნიშნავს, რომ "რუსეთის აგრესიის ფასი სისტემატურად და მასშტაბურად უნდა გაიზარდოს".
მისი თქმით, ევროკავშირს უპროცენტო სესხის უზრუნველყოფა "საკუთრების უფლებებში ჩარევის გარეშე" შეუძლია და დაამატა, რომ "ეს სესხი მხოლოდ მაშინ დაიფარება, როდესაც რუსეთი უკრაინას იმ ზიანს აუნაზღაურებს, რომელიც ამ ომში მიაყენა".
"ფინანსური რესურსების ისეთი მასშტაბით მობილიზებას ვემხრობი, რომ უკრაინის სამხედრო მდგრადობა რამდენიმე წლის განმავლობაში იყოს უზრუნველყოფილი" - წერს მერცი.
სტატიაში მან ხაზი გაუსვა, რომ ეს სახსრები უნდა მხოლოდ სამხედრო საჭიროებებისთვის უნდა დაიხარჯოს.
FT აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მთავრობები, მათ შორის გერმანია, დიდი ხანია წინააღმდეგობას უწევენ აქტივების კონფისკაციას, ფინანსური და სამართლებრივი რისკების, ასევე ევროს სარეზერვო ვალუტად აღქმის შერყევის შიშის გამო და ფრთხილობენ, რომ შესაძლოა, ამგვარმა ნაბიჯმა რუსეთის მხრიდან სამხედრო ესკალაცია გამოიწვიოს.





