რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეხვედრისას, ნიუ-იორკი, 23 სექტემბერი, 2025

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისში ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ დიდ პატივს სცემს უკრაინელების ბრძოლას, რასაც მან "გასაოცარი" უწოდა.

თავის მხრივ, ზელენსკიმ ტრამპს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს უჭერს მის იდეას, ევროპელი მოკავშირეების მხრიდან რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტის თაობაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ წნეხის გაზრდის მნიშვნელობას. 

ამას გარდა, ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ NATO-ს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ ის რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ, ტრამპმა უპასუხა, რომ "დიახ".

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის ეკონომიკაზე, რომელიც, მისი თქმით, "საშინელ მდგომარეობაშია" და "კოლაფსს განიცდის". 

"ყველაზე დიდი პროგრესი ის არის, რომ რუსეთის ეკონომიკა ახლა საშინელ მდგომარეობაშია, კოლაფსს განიცდის. გულწრფელად რომ ვთქვა, უკრაინა ძალიან კარგად ახერხებს ამ ძალიან დიდი არმიის შეკავებას, ეს საკმაოდ საოცარია. ეს ომი 3-4 დღეში უნდა დამთავრებულიყო. ხალხი ამბობდა, რომ ძალიან სწრაფი იქნებოდა და უნდა დავუფასოთ უკრაინელებს... ეს არ არის კარგი რუსეთისთვის." - თქვა ტრამპმა. 

მანამდე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ თუ რუსეთი ომის დასრულების მხრივ მზად არ იქნება, აშშ "ძალიან ძლიერი ტარიფების" დასაწესებლად არის მზად, თუმცა დაამატა, რომ ანალოგიური ნაბიჯის გადასადგმელად ევროპული ქვეყნებიც უნდა იყვნენ მზად. 

"რუსული ნავთობის შეძენით ჩინეთი და ინდოეთი [რუსეთ-უკრაინის] მიმდინარე ომის მთავარი დამფინანსებლები არიან, თუმცა, გაუმართლებლად, NATO-ს ქვეყნებმაც კი დიდად არ შეამცირეს რუსული ენერგეტიკული პროდუქციის შეძენა. ამის შესახებ ორი კვირის წინ გავიგე და ეს არ გამიხარდა. წარმოიდგინეთ, აფინანსებენ ომს საკუთარი თავის წინააღმდეგ. ასეთი რამ ვის გაუგია? იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად მზად არ იქნება, აშშ მზად არის, დაუწესოს ძალიან ძლიერი ტარიფები, რაც, ვფიქრობ, სისხლისღვრას ძალიან მალე დაასრულებს. თუმცა, იმისთვის, რომ ეს ტარიფები ეფექტური იყოს, ევროპულმა სახელმწიფოებმა ანალოგიური ზომები უნდა მიიღონ." - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

კომენტარები