ტელეგრამ არხებსა და რუსი მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინულმა დრონებმა მოსკოვზე იერიში მიიტანეს.
მას შემდეგ, რაც მოსკოვის ათი რაიონიდან აფეთქებების შესახებ ცნობები გავრცელდა, ქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ მოსკოვზე იერიშები მიჰქონდა დრონებს და მათ თავდასხმას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა იგერიებდა. ასევე, 22-23 სექტემბრის ღამის განმავლობაში სობიანინი წერდა ჩამოგდებული დრონების რაოდენობას. ჯამში, მისი მტკიცებით, მოგერიებული უნდა იყოს 41 დრონი.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ 22 სექტემბრის 15:00-დან შუაღამემდე ჩამოაგდეს 81 დრონი ბელგოროდის, ბრიანსკის, კალუგის, კურსკის, მოსკოვის, როსტოვის, რიაზანისა და ტულის ოლქებში, ასევე ოკუპირებულ ყირიმსა და შავი ზღვის აკვატორიაში. მათივე მტკიცებით, კიდევ 69 დრონი ჩამოაგდეს შუაღამიდან 23 სექტემბრის დილის 7 საათამდე: ბელგოროდის, ბრიანსკის, კალუგის, კურსკის, მოსკოვის, როსტოვის, რიაზანის, სამარისა და სარატოვის ოლქებში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში.
იერიშების პარალელურად დახურული იყო მოსკოვის აეროპორტები. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ დრონების თავდასხმის გამო, დაბალ სიმაღლეზე მფრინავი სამოქალაქო თვითმფრინავი ჩანს. იერიშის შედეგად მოსკოვში დაზიანდა მანქანები. ბელგოროდისა და ბრიანსკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ უკრაინული დრონების იერიშების შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი.





