გამოცემა Telegraph-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალმა კით კელოგმა რუსეთ-უკრაინის ომზე, აშშ-ს სტრატეგიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ილაპარაკა.
კელოგის დახასიათებით, "პუტინი КГБ-ს აგენტია. მას არასდროს შეუწყვეტია აგენტობა. მას არ ესმის დასავლეთის. თავს გვაჩვენებს, რომ ინგლისურად არ ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკობს და ჩვენ წარსულში რამდენჯერმე გამოვიჭირეთ. ის მანიპულატორია. ამის საწინააღმდეგოდ ერთადერთი რამ სიძლიერე, ძალაუფლება და იძულებაა."
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა იგი აშშ-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის შეფასებას, რომ თუკი რუსეთი უკრაინას დაიპყრობს, პუტინი NATO-ს ქვეყანასაც დაესხმება თავს, კელოგმა უპასუხა, რომ "აბსოლუტურად," რადგან რუსეთი ექსპანსიონისტური ძალაა.
"აბსოლუტურად. პუტინსა და რუსეთს, როგორც ექსპანსიონისტურ ძალებს, ისე უნდა შეხედოთ. მას [პუტინს] რუსეთის იმპერიის აღდგენა უნდა - უბრალოდ ისტორიას შეხედეთ. ერთ სანტიმეტრს მისცემ და კილომეტრს წაიღებს." - ამბობს ამერიკელი გენერალი.
"მეორე მსოფლიო ომს მაგონებს. 1938 წელს მიუნხენში ჰიტლერმა თქვა, რომ მხოლოდ სუდეტის მიწები უნდოდა. შემდეგ რაინლანდი, შემდეგ პოლონეთი, შემდეგ მეორე მსოფლიო ომში აღმოვჩნდით. ისტორია არ მეორდება, მაგრამ ნამდვილად ირითმება. სწორედ ეს ხდება უკრაინაშიც. ჩვენ ის [პუტინი] ახლავე უნდა შევაჩეროთ." - დაამატა მან.
კელოგს ასევე მიაჩნია, რომ აუცილებელია პუტინის მხრიდან რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებთან დაპირისპირება, რა კუთხითაც ამერიკელმა გენერალმა მაგალითის სახით ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საუბრები მოიყვანა.
"როდესაც ჩრდილოეთ კორეამ მას [ტრამპს] უთხრა, რომ ისინი ბირთვულ სახელმწიფოს წარმოადგენდნენ, ტრამპის პასუხი იყო, რომ 'მეც ვარ. წითელი ღილაკი მეც მაქვს. ის შენსაზე დიდია და ჩემი უფრო კარგად მუშაობსო.' პუტინი რეალისტია და თუ ფსონს აწევ, ის დაწვება." - განმარტა კელოგმა.
კითხვაზე, მოუწევს თუ არა უკრაინას მშვიდობის სანაცვლოდ საკუთარი ტერიტორიის დათმობა, კელოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინელების მისაღებია.
"ტრამპი უკრაინული მიწით არ ვაჭრობს. ეს ზელენსკის მანდატია. სხვა არავის. მაგრამ მოდით, რეალისტურები ვიყოთ: დონეცკი 65%-ით ოკუპირებულია. ლუგანსკი 98%-ზეა. რეალობა უნდა მიიღო. დე ფაქტო არ ნიშნავს დე იურეს. ისტორიას ერთხელაც დავუბრუნდეთ. ჩვენ არასდროს გვქონდა აღიარებული ბალტიაზე საბჭოთა კონტროლი მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტი ისინი სსრკ-ს ნაწილი იყვნენ. ეს უელესის დოქტრინის შესაბამისად იყო მხარდაჭერილი. იგივეა აქაც."
კელოგმა უკრაინას გრძელვადიანი პერსპექტივის დანახვისკენ უბიძგა: "ზოგჯერ მოკლევადიანი რეალობა არ არის თანხვედრაში შენს მიზნებთან. შესაძლოა, ახლა ოკუპირებული ტერიტორიის აღიარება გიწევდეს, მაგრამ გრძელვადიანად მისი დაბრუნება შეიძლებოდეს. გრძელვადიანი თამაში ითამაშე." - თქვა მან.
ინტერვიუს ბოლოს კით კელოგმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი თვისებრივად მორალურია და მასში კეთილი და ბოროტი მხარე არსებობს.
"ვიმედოვნებ, რომ ადამიანებს იდეალები ემახსოვრებათ. ეს კონფლიქტი მორალური ხასიათისაა. ეს არის კეთილი ბოროტის წინააღმდეგ. პუტინი ბოროტია. თუ უკრაინა [ომიდან] უფრო ძლიერი გამოვა, მშვიდად ვიქნები იმის ცოდნით, რომ კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი." - ამბობს კელოგი Telegraph-თან ინტერვიუში.





