NATO-რუსეთი

ესტონეთი NATO-სთან კონსულტაციებს ითხოვს რუსეთის მხრიდან საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ

ესტონეთი NATO-ს მე-4 მუხლის შესაბამისად მოკავშირეებთან კონსულტაციებს ოფიციალურად მოითხოვს მას შემდეგ, რაც დღეს სამმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
  
"დღეს დილით სამი რუსული MiG-31 ტიპის ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შემოვიდა. NATO-ს ავიაგამანადგურებლებმა პასუხი გასცეს და რუსული თვითმფრინავები იძულებული გახდნენ, გაქცეულიყვნენ. ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა, NATO-ს მე-4 მუხლით კონსულტაციები მოითხოვოს" - წერს ესტონეთის პრემიერმინისტრი, კრისტენ მიხალი X-ზე.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ფინეთის ყურიდან ნებართვის გარეშე შეიჭრა და ქვეყნის ცაში ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

"რუსეთმა წელს უკვე ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია. მაგრამ დღევანდელი შემოჭრა, ჩვენს საჰაერო სივრცეში სამი ავიაგამანადგურებლის ჩართულობით, უპრეცედენტოდ თავხედურია," თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცაჰკნა.

"რუსეთი მზარდად ექსტენსიურად ცდის საზღვრებს და მზარდ აგრესიას უნდა ვუპასუხოთ პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის სწრაფი გაძლიერებით." - დაამატა მან.

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შემდეგ, რუსული ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც კინჟალის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების გადატანა შეუძლიათ, ქვეყნის დედაქალაქ ტალინისკენ გაემართნენ. გამოცემის წყაროების მიხედვით, MiG-31-ები დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში წრეზე დაფრინავდნენ, რის შემდეგაც მათ განსადევნად იტალიური F-35-ები ააფრინეს.

კომენტარები