კალინ ჯორჯესკუ

რუმინეთში კალინ ჯორჯესკუს გადატრიალების მცდელობაში სდებენ ბრალს

კალინ ჯორჯესკუ

რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს, რომელსაც პრორუსული განწყობები აქვს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა წარუდგინეს ბრალად. 

ბრალი წარედგინა 21 სხვა ადამიანსაც, მათ შორის, ჯორჯესკუს დაცვის გუნდის უფროსსა და დაქირავებულ მებრძოლს, ჰორაციუ პოტრას. 

რუმინეთის პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებს უცხო ქვეყნის დაზვერვასთან ჰქონდათ კავშირები და საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდის გაუქმების შემდეგ ქვეყნის დედაქალაქ ბუდაპეშტზე იერიშსა და საკონსტიტუციო წესრიგის დამხობას გეგმავდნენ.

პოტრასა და სხვებს ბრალად სახელმწიფო გადატრიალების დაწყების მცდელობაში ადანაშაულებენ, ხოლო ჯორჯესკუს - პოტრასთან შეთქმულების მოწყობაში. 

პროკურატურა აცხადებს, რომ პოტრა ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება და შესაძლოა რუსეთში თავშესაფარი ითხოვოს.

ჯორჯესკუს ბრალდებების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა თქვა, რომ პროკურატურის ანგარიში არის "მტკიცებულება", რომ რუსეთმა რუმინეთში "სისტემური დეზინფორმაცია" გაავრცელა და 2024 წლის არჩევნებზე გავლენა სცადა.

პროკურატურის მიხედვით, ჯორჯესკუ პოტრასა და ჯგუფის სხვა წევრებს გასული წლის დეკემბერში ფერმაზე შეხვდა, მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გაუქმდა. 

ჯორჯესკუ თავდაპირველად უარყოფდა, რომ შეხვედრა შედგა, თუმცა მოგვიანებით რუმინულ მედიაში  ფოტოების გავრცელების შემდეგ ის აღიარა, თუმცა უარყო, რომ სახელმწიფო გადატრიალებას განიხილავდნენ.  

ჯორჯესკუს სასამართლო სხდომის ვადა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, თუმცა შესაძლოა 2026 წლის დასაწყისში დაიწყოს. 

მიმდინარე წლის თებერვალში რუმინულმა პოლიციამ რამდენიმე ადგილზე რეიდი ჩაატარა და იარაღების, ოქროსა და ნაღდი ფულის მარაგი აღმოაჩინა, რომლითაც, ბრალდების თანახმად, პოტრას ჯგუფი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.


2024 წლის 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ანულირებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა, რათა კალინ ჯორჯესკუს გაემარჯვა.

ხსენებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე დამოუკიდებელი პრორუსული განწყობების მქონე კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ გავიდა. 

ის კამპანიას ძირითადად სოციალურ ქსელ TikTok-ზე აწარმოებდა. იგი პლატფორმაზე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისადმი რუმინეთის დახმარებას და სკეპტიკურად არის განწყობილი NATO-სა და ევროკავშირის მიმართ.

ევროკავშირმა TikTok-ის წინააღმდეგ რუმინეთის არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიხედვით, სოციალური მედიის პლატფორმამ, შესაძლოა, ევროკავშირის ციფრული წესდება დაარღვია რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ რისკების გამკლავების პროცესში.

გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ TikTok-ზე "ინფლუენსერებმა", ჯამში, $381 000-ის ოდენობის თანხა მიიღეს პლატფორმაზე ჯორჯესკუს მხარდასაჭერად. 

ამასთანავე, 9 დეკემბერს რუმინეთის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად ჩატარებულ კოორდინირებულ კიბერკამპანიასთან დაკავშირებით ფინურმა კომპანია Check First-მა ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Meta-მ 4 140 Facebook გვერდს საშუალება მისცა, ჯორჯესკუს მეტოქე ელენა ლასკონიზე თავდასხმითი ხასიათის პოსტები გამოექვეყნებინათ, ხოლო ჯორჯესკუსთვის პოპულარიზაცია გაეწიათ. 

მონაცემების მიხედვით, აღნიშნული კამპანია 160 მილიონამდე მომხმარებელს შეეხო და Meta-ს სარეკლამო პოლიტიკა დაარღვია. გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური ქსელის მეშვეობით ეს თავდასხმები $176 000-დან $280 000-მდე დაჯდა.

მიმდინარე წლის 26 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე პოლიტიკოსი კალინ ჯორჯესკუ დააკავეს და გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მას მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.

წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, 4 მაისს დაგეგმილ არჩევნებში ჯორჯესკუ, სავარაუდოდ, ხმების 40%-დან 45%-მდე აღებას შეძლებდა, რაც მას რეალურ შესაძლებლობას მისცემდა, რუმინეთის პრეზიდენტი გამხდარიყო.

ბუქარესტის საარჩევნო ბიუროს სპიკერმა 9 მარტს განაცხადა, რომ ჯორჯესკუს კანდიდატურა ბათილად არის ცნობილი. ბიურომ ჯორჯესკუს კანდიდატურასთან დაკავშირებით 1 000-ზე მეტი სარჩელი მიიღო, რაც ძირითადად მის ანტიდემოკრატიულ და ექსტრემისტულ პოზიციებს ეხებოდა.

ბიუროს გადაწყვეტილებას მალევე ჯორჯესკუ X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ რუმინეთი ტირანიული მმართველობის ქვეშ იმყოფება.

G4Media-ს წყაროების ცნობით, ჯორჯესკუ გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების სამიზნე იყო, რომლის ფარგლებშიც მას ფაშისტურ ორგანიზაციაში ჩართულობა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადავო იდეოლოგიებისა და პირების, მათ შორის, იონ ანტონესკუს პოპულარიზაცია ედებოდა ბრალად. ხოლო Digi24-ის ინფორმაციით, მას ასევე წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის მიწოდებაშიც ადანაშაულებდნენ.

26 თებერვალსვე პროკურატურამ მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, რომელიც 5 ქვეყნიდან 27 პირს ეხება, 47 სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკების დროს გამომძიებლებმა შეიარაღება, საბრძოლო მასალები და დიდი რაოდენობით თანხა ამოიღეს, მათ შორის, €900 000-ის ოდენობის თანხა პოტრას სახლიდან.

G4Media-ს ინფორმაციით, საქმე ასევე ჯორჯესკუს დაცვის გუნდის უფროსს, ჰორაციუ პოტრას ეხება, რომელიც ასევე ყოფილი დაქირავებული მებრძოლია. რუმინული მედიის ცნობით, პოტრას წინააღმდეგ გამოძიება "ფაშისტური, რასისტული ან ქსენოფობიური ხასიათის ორგანიზაციის შექმნის ან დაარსების" საფუძველზე მიმდინარეობს.

პოტრა, რომელიც საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ყოფილი მებრძოლია, ცნობების მიხედვით, 900-კაციან რუმინელი სამხედრო კონტრაქტორების კონტინგენტს ხელმძღვანელობდა, რომელიც კონგოში იბრძოდა. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას კავშირები რუსულ კსკ ვაგნერთანაც აქვს, თუმცა პოტრა ამ ინფორმაციას უარყოფს.

ამასთანავე, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთ სურათში პოტრა წინა წელს რუსეთის ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე რუმინეთში რუსეთის ელჩის, ვალერი კუზმინის გვერდით ჩანს. რუმინული მედია ასევე წერს, რომ 2011 წელს პოტრას ორწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს ნახევრადსამხედრო დაჯგუფების შექმნისთვის.

კომენტარები