უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ არსებული ცნობებით, რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა და ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა.
"დღეს რუმინეთმა მის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის გამო სამხედრო ავიაცია ააფრინა. ამჟამინდელი მონაცემებით, დრონი რუმინეთში დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა და NATO-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 50 წუთი მოქმედებდა.
დღეს რუსული მოიერიშე დრონების საფრთხის გამო სამხედრო პასუხი ასევე პოლონეთმა აამოქმედა". - წერს ზელენსკი.
გარდა ამისა, ზელენსკიმ დაამატა, რომ წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის საჰაერო სივრცეში ვოლინის მიმართულებით დრონებით შესაჭრელად ბელარუსის საჰაერო სივრცე გამოიყენა. მანვე აღნიშნა, რომ რუს სამხედროებს დრონების მარშრუტები ზუსტად აქვთ გათვლიი.
"რუს სამხედროებს ზუსტად ესმით, საით არის მათი დრონები მიმართული, რა დროის განმავლობაში შეუძლიათ მათ ჰაერში დარჩენა. მარშრუტები ყოველთვის გათვლილია. ეს დამთხვევა, შეცდომა ან დაბალი რანგის რომელიმე მეთაურების ნამოქმედარი ვერ იქნება. ეს რუსეთის მხრიდან აშკარა ომის გაფართოებაა და სწორედ ასე იქცევიან. თავიდან მცირე ნაბიჯები, შედეგად კი დიდი დანაკარგები". - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა პრევენციული მოქმედებისკენ მოუწოდა, "იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს უმნიშვნელო სამხედრო საფრთხე მათგან, ვინც სხვათა დამოუკიდებლობისა და სიცოცხლის განადგურებას არის შეჩვეული".
"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საჭიროა. რუსული ვაჭრობის წინააღმდეგ ტარიფები საჭიროა. ერთობლივი თავდაცვა საჭიროა და უკრაინამ პარტნიორებს სწორედ ასეთი თავდაცვის სისტემა შესთავაზა. გადაწყვეტილებას მისაღებად ათობით შაჰედსა და ბალისტიკას ნუ დაუცდით". - წერს ზელენსკი.
ცოტა ხნით ადრე, რუმინეთმა თავის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონის გამო საჰაერო განგაში გამოაცხადა და F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები ააფრინა, რომლებიც დრონს აედევნა.
რუმინეთი მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ "საჰაერო სივრციდან ობიექტების ვარდნის შესაძლებლობა" იყო.
პარალელურად, უკრაინაში პოლონეთთან მოსაზღვრე რეგიონებში რუსული დრონების იერიშების საფრთხის გამო პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა და ლუბლინის აეროპორტის მუშაობა შეაჩერა.
მოგვიანებით, სარდლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ოპერაცია დასრულდა და უკრაინაში ვითარების მეთვალყურეობას განაგრძობს.
10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.
პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.
მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.
12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს" იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.
დღეს, 13 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ 40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთება არის გამოთქმული.





