თბილისობა 20-21 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახი კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კალაძის თქმით, 20 სექტემბერს, საპატიო თბილისელების დაჯილდოება გაიმართება, ხოლო 21 სექტემბერს, ევროპის მოედანზე საზეიმო კონცერტი ჩატარდება.
"იმის გამო, რომ წელს, 4 ოქტომბერს არის თვითმმართველობის არჩევნები, თბილისობა 20-21 სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიების მთავარი ლოკაციები კვლავ ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი იქნება, სადაც ორი დღის განმავლობაში, სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ. 20 სექტემბერს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ტრადიციულად საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც სატელევიზიო ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, ევროპის მოედანზე საზეიმო კონცერტი ჩატარდება.
რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს, ორივე დღეს, ორბელიანის მოედანზე წარმოდგენილი იქნება გამოფენები, თეატრალიზებული, გასართობი თუ საბავშვო პროგრამები; აბანოთუბანში 20-21 სექტემბერს ჩატარდება გამოფენა-გაყიდვა თბილისური მრავალფეროვნება, ხოლო რიყის პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ საბავშვო წარმოდგენები და ქართული ესტრადის შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი. 21 სექტემბერს, 20:00 საათზე კი, ევროპის მოედანზე, როგორც უკვე გითხარით, დაიწყება თბილისობის საზეიმო კონცერტი“ - თქვა კალაძემ.





