შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით 1 პირი, 1975 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია გორში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის სადგომზე გაჩერებულ ავტომობილში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მასში არსებულ თანხას 18 920 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ი.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული თანხა ნივთმტკიცების სახით სრულად ამოიღეს" - აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





