რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: სლოვაკეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინას მხარს უჭერს

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ უჟგოროდში სლოვაკეთის პრემიერმინისტრს, რობერტ ფიცოს შეხვდა.

ზელენსკის თქმით, მან სლოვაკეთის პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრის შესახებ და ასევე, მსურველთა კოალიციის შეხვედრის შედეგების შესახებ.

"მადლობა ამ ვიზიტისთვის. ჩვენ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შორის ეს დიალოგი არსებობს. ჩვენ ამას განვაგრძობთ". - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სლოვაკეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინას მხარს უჭერს.

"რობერტ ფიცოსთან არსებითი საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ძირითადი თემები – პრინციპული საკითხები უკრაინისთვის და პრინციპული საკითხები სლოვაკეთისთვის. მე მივაწოდე ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპთან გუშინდელი საუბრის, ასევე, მსურველთა კოალიციის ლიდერებთან ჩვენი მუშაობის შესახებ მშვიდობის ხელშეწყობის, უკრაინის უსაფრთხოებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის უზრუნველყოფის მიზნით. სლოვაკეთი არ იდგება განზე. პრემიერმინისტრმა მომიყვა ჩინეთში მისი კონტაქტების შესახებ.

ასევე, მნიშვნელოვანი თემა იყო ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა – რუსულ ნავთობს, ისევე, როგორც რუსულ გაზს, მომავალი არ აქვს. სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე ვიზიარებთ იმ აზრს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ერთად უნდა გააგრძელონ სვლა ევროკავშირის წევრობისკენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ საკითხებში აქ, ჩვენს რეგიონში აძლიერებს ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს". - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები