დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

სტუბი: ტრამპს სურს, აშშ-მ და ევროპამ რუსეთის ენერგორესურსებზე ერთიანი სანქციები დააწესონ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე
ABC News

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარიზში მიმდინარე "მსურველთა კოალიციის" შეხვედრაზე ონლაინ რეჟიმში ჩართვისას ევროპელ ლიდერებს შესთავაზა, რომ აშშ-მ და ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების საკითხში ერთობლივად იმოქმედონ. სტუბის თქმით, ნავთობისა და გაზის სანქციები განხილვის თემად იქცა.

"ტრამპის მიდგომა ძალიან ნათელი იყო - ჩვენ ახლა სანქციების პოლიტიკაში ერთად უნდა ვიმოქმედოთ და ვეძებოთ გზები, განსაკუთრებით ეკონომიკური მეთოდებით, რათა რუსეთის სამხედრო მანქანა შევაჩეროთ" - განაცხადა სტუბმა.

მისი თქმით, სანქციების საკითხში "ორი მთავარი სამიზნეა - ნავთობი და გაზი." 

"ამ საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლები მომდევნო 24 საათის განმავლობაში იმსჯელებენ" - თქვა სტუბმა.
 

კომენტარები