ჩინეთის სამთავრობო ტელევიზიის, CCTV-ის ინფორმაციით, 31 აგვისტოს ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანძინში ქვეყნებს შორის ლიდერების შეხვედრისას ჩინეთი და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ.
CCTV-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უთხრა, რომ ჩინეთმა და სომხეთმა მტკიცედ უნდა დაუჭირონ ერთმანეთს მხარი და ყველა სფეროში თანამშრომლობა გააღრმაონ.
ცნობისთვის, ფაშინიანი ჩინეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. სი ძინფინგი სამიტის ფარგლებში მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის ლიდერს უმასპინძლებს, მათ შორის ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისაც.
რეგიონული უსაფრთხოების სამიტზე დასასწრებად ჩინეთში ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც. პუტინის ჩასვლასთან დაკავშირებით გადაცემაში ჩინეთის სამთავრობო ტელევიზიაში, CCTV-ში თქვეს, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის კავშირები "ისტორიაში საუკეთესოა", და ბოლო პერიოდში "ყველაზე სტაბილური, მომწიფებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახდა დიდ ქვეყნებს შორის".
ვიზიტამდე ერთი დღით ადრე პუტინმა ჩინეთის სახელმწიფო მედიასთან, Xinhua-სთან წერილობით ინტერვიუში დასავლეთის სანქციები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვი და პეკინი ერთობლივად ეწინააღმდეგებიან "დისკრიმინაციულ" სანქციებს მსოფლიო ვაჭრობაში.
სამიტზე ასევე ჩავლენ ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერები და, როგორც Reuters წერს, ჩინეთის მიზანი "გლობალური სამხრეთის" სახელმწიფოებს შორის ერთიანობის წარმოჩენა იქნება.





