აშშ

აშშ-ში კაცს, რომელმაც სიკვდილი გაითამაშა და საქართველოში გაიქცა, პატიმრობა მიუსაჯეს

ამერიკელ მამაკაცს, რაიან ბორგვარდტს, რომელმაც საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და საქართველოში გაიქცა, 89 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

45 წლის ბორგვარდტი 28 აგვისტოს სასამართლოში წარსდგა და პოლიციისთვის ხელის შეშლის წვრილმანი დანაშაულის ბრალდებას არ შეეწინააღმდეგა, რითიც მან, ფაქტობრივად, ბრალი აღიარა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა 45-დღიან სასჯელი მოითხოვეს, მოსამართლემ ბორგვარდტს 89 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, სწორედ ამ ხანგრძლივობით იყო ის გაუჩინარებული.

"ღრმად ვნანობ იმ ქმედებებს, რაც იმ საღამოს ჩავიდინე და იმ ტკივილს, რაც ჩემს ოჯახსა და მეგობრებს მივაყენე" - განაცხადა ბორგვარდტმა სასამართლოში.

"ის აქაა, რათა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღოს" - დაამატა დაცვის მხარის ადვოკატმა ერიკ ჯონსონმა.

პროკურატურის თქმით, ბორგვარდტმა "გამოიკვლია და შეისწავლა, თუ როგორ მოეწყო წარმატებული გაუჩინარება“. სიკვდილის გათამაშების შემდეგ ის კანადის გავლით საქართველოში გაემგზავრა და იქ, ინტერნეტით გაცნობილ უზბეკეთის მოქალაქე ქალთან ერთად, ახალი ცხოვრება დაიწყო.

ბორგვარდტმა სიკვდილი 2024 წლის 11 აგვისტოს ვისკონსინის შტატში გაითამაშა, როცა მან მეუღლეს სატელეფონო შეტყობინება მისწერა, რომ თავის კაიაკს უკვე აბრუნებდა და მალე ტბის ნაპირზე გამოვიდოდა, მაგრამ სახლში აღარ დაბრუნდა.

შემთხვევის ადგილზე მაშველებმა ბორგვარდტის ამოტრიალებული კაიაკი და სამაშველო ჟილეტი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც კვირების განმავლობაში ტბაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ოქტომბერში გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბორგვარდტის სახელი მისი გაუჩინარებიდან ორი დღის შემდეგ კანადაში სამართალდამცველებმა შეამოწმეს. ასევე გაირკვა, რომ მას უზბეკეთის მოქალაქე ქალთან ჰქონდა მიმოწერა.

პოლიციამ ბორგვარდტთან კონტაქტის დამყარება ნოემბერში მოახერხა და ის აშშ-ში დეკემბერში დაბრუნდა.

კომენტარები