გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ევროკომისია მუშაობს ახალ მექანიზმზე, რათა ომის დასრულების შემდეგ დასავლეთში გაყინული რუსული აქტივებიდან თითქმის €200 მილიარდი უკრაინის აღსადგენად გამოიყოს.
რამდენიმე მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ევროკომისია წევრი სახელმწიფოების მთავრობების მზადყოფნის მოსინჯვას ცდილობს რუსული აქტივების უფრო სარისკო ინვესტიციებში გადატანის მხრივ, რამაც შესაძლოა, უკრაინისთვის აქტივებიდან უფრო მეტი მოგების გამომუშავება გამოიწვიოს და რუსეთზე წნეხი გაზარდოს, თუ მოსკოვი უარს იტყვის ომის შეწყვეტაზე.
Politico-ს ცნობით, ინიციატივის მხარდამჭერები ასევე მიიჩნევენ, რომ ეს გეგმა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება რუსული აქტივების პოტენციურად ჩამორთმევისა და უკრაინისთვის გადაცემისკენ, რაც რუსეთისთვის სასჯელი იქნება თუკი ის უარს იტყვის ომის შემდგომ უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდაზე.
"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსულ გაყინულ აქტივებზე, რათა წვლილი შევიტანოთ უკრაინის თავდაცვასა და რეკონსტრუქციაზე," განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 28 აგვისტოს.
გამოცემის ინფორმაციით, საკითხზე მოლაპარაკებები შაბათს, 30 აგვისტოს, გაიმართება, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 27 საგარეო საქმეთა მინისტრი კოპენჰაგენში არაფორმალურ შეხვედრაზე წინადადებას პირველად განიხილავენ.
Politico-ს მიერ ნანახი დოკუმენტის მიხედვით, დისკუსიის დროს მინისტრები განიხილავენ "დამატებით ვარიანტებს იმობილიზირებული რუსული სუვერენული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოსაყენებლად."
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ბალტიის ქვეყნები და სხვა სახელმწიფოები უკვე დიდი ხანია ევროკავშირისგან რუსული აქტივების სრულად ჩამორთმევას ითხოვენ. ევროკომისიის შიგნით ამ იდეას ეკონომიკის ლატვიელი კომისარი, ვალდის დომბროვსკისი და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, კაია კალასი ემხრობიან.
თუმცა, ამ იდეას წინააღმდეგობას უწევენ დასავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის, გერმანია, იტალია და ბელგია. მათგან განსაკუთრებული ფინანსური და სამართლებრივი რისკის წინაშე ბელგიაა, რადგან აქ მდებარეობს ფინანსური ინსტიტუტი Euroclear, სადაც გაყინული რუსული აქტივების დიდი ნაწილები ინახება.
როგორც Politico წერს, ბელგია შიშობს, რომ თანხების უკრაინისთვის გადაცემა Euroclear-ს აქტივების მესაკუთრეების მხრიდან კიდევ უფრო მეტ სამართლებრივ დავას მოუტანს.
ცნობისთვის, კომპრომისის სახით გასულ წელს G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით, სახელდობრ, მათზე დარიცხული პროცენტით - და არა პირდაპირ აქტივებიდან - უკრაინისთვის ჯამში €45 მილიარდი დოლარის ღირებულების თანხას გამოყოფდნენ.
ამის ნაცვლად, Politico-ს ინფორმაციით, ევროკომისიაში მუშაობენ გეგმაზე, რათა აქტივები "სპეციალური დანიშნულების მანქანაში" გადაიტანონ, რაც გარანტირებული რამდენიმე ევროკავშირისა და ასევე პოტენციურად უცხო ქვეყნის მიერ იქნება.
ევროკავშირის ოფიციალური პირის თქმით, უკრაინისთვის აღნიშნულ პოტენციურ ფონდში "დიდი შვიდეულის" ქვეყნებიც იქნებიან ჩართულნი, მათ შორის გაერთიანებული სამეფო და კანადაც, რომლებიც აქტივების ჩამორთმევას ემხრობიან. ამას გარდა, ახალი სტრუქტურა ევროკავშირს უფრო მეტ კონტროლს მისცემს, რათა აქტივები უკრაინას შესაფერის დროს გადასცეს.
ახლანდელი წესებით, ერთ ქვეყანას შეუძლია, რუსეთს აქტივები დაუბრუნოს სანქციების განახლებაზე ვეტოს დადებით, რაზე კენჭისყრაც ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდება. აქტივების გადატანა ახალ ფონდში, სადაც არ იქნება ერთსულოვნების წესზე მოთხოვნა, უნგრეთის მხრიდან ვეტოს დადების საფრთხეს გაანეიტრალებდა.
ამასთანავე, ახალ ფონდში რუსული აქტივების გადატანით შესაძლებელი გახდება, მათი უფრო სარისკო ინვესტიციებში ჩადება, რითაც უფრო მეტი მოგების გამომუშავება მოხდება უკრაინისთვის.
თუმცა, ახალი ფონდის იდეისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი Euroclear-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ვალერი ურბენი, რომელიც შიშობს, რომ თუკი აქტივების უფრო სარისკო ინვესტიციებში ჩადება დანაკარგებს გამოიწვევს, ამ დანაკარგების დაფარვა ევროკავშირის გადასახადების გადამხდელებს მოუწევთ.
ამიტომ, ბელგიას სურს, რომ ევროკომისიის გეგმის ფარგლებში სამართლებრივი და ფინანსური ტვირთი სხვებმაც გაიზიარონ და აქტივებზე ვალდებულება ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც აიღონ.





