რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გამოკითხვა: აშშ-ში ამომრჩეველთა 76% არ ენდობა პუტინს, რომ სამშვიდობო შეთანხმებას დაიცავს

Getty Images

Newsmax-ის მიერ გავრცელებული ქუინიპიაკის უნივერსიტეტის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელი ამომრჩევლების 76%-ის თქმით, ისინი არ ენდობიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმების დაცვის კუთხით. 

"ამომრჩევლებს მცირედი ნდობა აქვთ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევაზე უკრაინაში მშვიდობის დამყარების კუთხით და ამომრჩეველთა უმეტესობა არ ენდობა პუტინს, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმება მიიღწევა, ის ამას დაიცავს," თქვა ქუინიპიაკის უნივერსიტეტის გამოკითხვების ანალიტიკოსმა, ტიმ მალოიმ. 

"და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა გამორიცხა ამერიკელი სამხედროების საომარ თეატრში გაგზავნა მშვიდობის შესანარჩუნებლად, 10-დან 4 ამომრჩეველი ამას [სამხედროების გაგზავნას] მხარს დაუჭერდა," დაამატა მან. 

21-25 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვით, რომელშიც მონაწილეობა 1 220-მა თვითიდენტიფიცირებულმა ამომრჩეველმა მიიღო, დემოკრატების 91% და დამოუკიდებელი ამომრჩევლების 77% არ ენდობა პუტინს სამშვიდობო შეთანხმებისადმი ერთგულების კუთხით. ამავე აზრზეა რესპუბლიკელთა 62%-იც. 

ამასთან, ამომრჩევლების 50% ეწინააღმდეგება, სამშვიდობო შეთანხმების დადების შემთხვევაში, უკრაინაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში ამერიკელი სამხედროების გაგზავნის იდეას, თუმცა ინიციატივას ამომრჩეველთა 40% ემხრობა. 

ამას გარდა, ამომრჩეველთა 62% მომხრეა, რომ აშშ-მ სამხედრო საჰაერო დახმარება გაუწიოს უკრაინას, თუკი ამას რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასამთავრებლად შეთანხმების დადება მოჰყვება. 

კომენტარები