უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ 29 აგვისტოს პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი ნიუ-იორკში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდს შეხვდებიან და უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ.
ამის შესახებ ზელენსკიმ 27 აგვისტოს ვიდეომიმართვაში ილაპარაკა.
"ხვალ - შეხვედრა შვეიცარიაში. პარასკევს - აშშ-ში, ნიუ-იორკში შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან. მოვიწვევთ ყველას, ვინც უსაფრთხოების გარანტიების შიგთავსზე მუშაობს - უსაფრთხოების გარანტიების სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კომპონენტებზე.
ამოცანას წარმოადგენს მაქსიმალურად აჩქარება, რათა ეს ასევე იყოს ბერკეტი, გავლენის ბერკეტი: რუსებმა უნდა დაინახონ, რამდენად სერიოზულად არის განწყობილი მსოფლიო და რამდენად ცუდი იქნება რუსეთისთვის შედეგები, თუკი ომი გაგრძელდება". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოსკოვიდან მომავალ უარყოფით გზავნილებს ყველა ამჩნევს და ხედავს, რომ რუსეთი არ აპირებს, დანაპირები შეასრულოს. მან ასევე მოუწოდა რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა თქვა, რომ ამ კვირაში ნიუ-იორკში უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდება





