რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უიტკოფის თქმით, ამ კვირაში ნიუ-იორკში უკრაინის დელეგაციას შეხვდება

სტივ უიტკოფი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა თქვა, რომ ამ კვირაში ნიუ-იორკში უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდება 

ამასთან, უიტკოფის თქმით, აშშ რუსეთთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. 

ამის შესახებ უიტკოფმა Fox News-ის ეთერში ილაპარაკა.

"ამ კვირაში უკრაინელებს ვხვდები. ასე რომ, ამ კვირაში მათ ნიუ-იორკში შევხვდები და ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. რუსებს ყოველდღე ველაპარაკებით". - თქვა უიტკოფმა.

უიტკოფმა ასევე თქვა, რომ მისი აზრით, პუტინი მოლაპარაკებებში ჩართვას კეთილსინდისიერად ცდილობს. 

"ვფიქრობ, პუტინმა ჩართულობისთვის კეთილსინდისიერი ძალისხმევა გაწია. ეს ნამდვილად გააკეთა ალასკაში სამიტზე. თუმცა ძალიან რთული კონფლიქტია". - თქვა უიტკოფმა. 

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ თქვა, რომ მზად არის, რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს იმ შემთხვევაში, თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება და ეს "ეკონომიკურ ომად" მოიხსენია. 

ცნობისთვის, 19 აგვისტოს ტრამპმა მარკ ლევინის შოუში ინტერვიუს დროს თქვა, რომ პუტინი და ზელენსკი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების "პროცესში არიან". მანვე აღნიშნა, რომ "უკეთესი იქნება", თუ მის გარეშე შეხვდებიან და სურს, ნახოს, თუ რა მოხდება. 

მანამდე, თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტელეფონით საუბრისას პირობა დადო, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. 

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება არც ორმხრივ და არც სამმხრივ ფორმატს, თუმცა, დაამატა, რომ მსგავსი შეხვედრა "რაც შეიძლება ფრთხილად" უნდა დაიგეგმოს. 

მოგვიანებით, 21 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრის სავარაუდო ადგილებად შვეიცარია, ავსტრია და თურქეთი დაასახელა.

ხოლო  22 აგვისტოს ლავროვმა თქვა, რომ "პუტინი მზადაა შეხვდეს ზელენსკის, როდესაც სამიტის დღის წესრიგი მზად იქნება", ხოლო შეხვედრა ამჟამად არ იგეგმება. მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პოტენციური შეხვედრისთვის დღის წესრიგი ამ ეტაპზე არ არსებობს,

მოგვიანებით, NBC News-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰა ლავროვის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ "ლექცია ლეგიტიმურობაზე ადამიანისგან, რომელიც თავის სკამზე 21 წელია ზის" აბსურდულია.

26 აგვისტოს ტრამპმა თქვა, რომ თუკი რუსეთის და  უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს არ შეხვდებიან, ამას რუსეთისთვის "ძალიან დიდი შედეგები" შეიძლება მოჰყვეს.

კომენტარები