გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა, ომისშემდგომი უკრაინისთვის დასავლელი მოკავშირეების უსაფრთხოების ნებისმიერ გეგმაში სადაზვერვო საშუალებებითა და საბრძოლო ველის ზედამხედველობით წვლილი შეიტანოს და ევროპის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღოს უკრაინისთვის თავდაცვითი ფარის ინიციატივაში.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ ამერიკა ომისშემდგომი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე "კოორდინაციაში" მონაწილეობას მიიღებდა.
გამოცემის წყაროების ცნობით, მას შემდეგ აშშ-ს მოწინავე მაღალჩინოსნებმა ევროპელ კოლეგებს რამდენიმე დისკუსიისას უთხრეს, რომ ვაშინგტონი მზად იქნება, რომ "სტრატეგიული ხელშემწყობების" მეშვეობით, მათ შორის, დაზვერვით, თვალთვალითა და მეთვალყურეობით (ISR), სარდლობით, კონტროლითა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებით თავისი წვლილი შეიტანოს, რათა შესაძლებელი გახდეს მიწაზე ევროპის ხელმძღვანელობით ძალების განლაგება.
მსურველთა კოალიციას, რომელსაც გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ, პირობა აქვს დადებული, რომ პოტენციური სამომავლო რუსული აგრესიისგან დასაცავად ომისშემდგომ უკრაინაში სამშვიდობო ძალებს გაგზავნიან.
თუმცა, Financial Times წერს, რომ პირად საუბრებში ევროპელი მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ ძალების გაგზავნა მხოლოდ აშშ-ს მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი, რათა ამერიკამ დაიცვას და ზედამხედველობა გაუწვიოს ევროპელ სამხედროებს.
მაღალჩინოსნების თქმით, აშშ-ს შეთავაზება, რომელიც ბოლო დღეებში ამერიკისა და ევროპის ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებსა და სამხედრო ლიდერებს შორის შეხვედრებზე გაჟღერდა, დამოკიდებულია ევროპული სახელმწიფოების მხრიდან ვალდებულების აღებაზე, რომ უკრაინაში ათეულობით ათასი სამხედრო გაგზავნონ.





