ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ქართული ოცნების მხრიდან ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებზე ზეწოლას მკაცრად გმობს.
განცხადებაში წერია, რომ ოცნებამ მითების დეტექტორის დამფუძნებელ ორგანიზაციას, მედიის განვითარების ფონდს (MDF) პარტნიორებისა და ბენეფიციარების კონფიდენციალური პირადი ინფორმაციის გადაცემა მოსთხოვა.
გარდა ამისა, IFCN ქართულ ოცნებას მოუწოდებს, რომ ფაქტების გადამმოწმებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროვება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა შიშის გარეშე უნდა მუშაობდეს.
ამის შესახებ განცხადება IFCN-ის ვებგვერდზე ვრცელდება.
“ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ფაქტების გადამმოწმებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. გამოძიებები, რომლებიც ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო, ასევე ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მუქარა, საგანგაშო ესკალაციაა იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებას სანდო ინფორმაციას აწვდიან.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), "მითების დეტექტორის" დამფუძნებელი ორგანიზაცია, რომელიც IFCN-ის მიერ სერტიფიცირებული "პრინციპების კოდექსის" ხელმომწერია, აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ ზეწოლა იზრდება, მათ შორის მოთხოვნები პარტნიორებისა და ბენეფიციარების კონფიდენციალური პირადი მონაცემების გადაცემაზე. MDF აღნიშნავს, რომ ეს ზომები, რომლებსაც ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია, პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის უფლებას არღვევს”. - წერია განცხადებაში.
ქსელი ასევე მითების დეტექტორისა და MDF-ს ხელმძღვანელს, თამარ კინწურაშვილის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ MDF-ის საქმიანობა საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს ემსახურება და კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაშია. IFCN აღნიშნავს, რომ “ხელისუფლების მიერ მიზანში ამოღებული ორგანიზაციები ამ ქმედებებს დამოუკიდებელი არაკომერციული ჯგუფებისა და თავისუფალი მედიის დევნად აფასებენ, რომლის მიზანიცაა დემოკრატიის დასრულება, “როგორც პუტინის რუსეთში””.
“ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა, როგორიცაა მედიაწიგნიერების გავრცელება, FIMI-ის (უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის) წინააღმდეგ ბრძოლა და მედიის სანდოობის ხელშემწყობი სხვა ინიციატივები, რომლებიც დაფინანსებულია დასავლელი დონორების მიერ, ემსახურება საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და სრულ თანხვედრაშიაკანონმდებლობასთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებულ პოლიტიკის დოკუმენტებთან”. - წერია კინწურაშვილის განცხადებაში IFCN-ის მიხედვით.
IFCN-ის მიხედვით გამოძიება MDF-ის ვებგვერდზე ხელმისწავდომ ინფორმაციას, მათ შორის დონორების დაფინანსებისა და პროექტების საქმიანობის შესახებ ცნობებს, ეყრდნობა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოძიებას საფუძვლად ასევე კინწურაშვილის საჯარო განცხადებები დაედო, მათ შორის მისი გამოსვლა Deutsche Welle-ს გლობალურ მედია ფორუმზე, სადაც მას სიტყვის თავისუფლების კატეგორიაში (FoSA) პრემია გადასცეს.
ამასთან, IFCN-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნება” ამ ნაბიჯებს საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად დგამს.
“ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელმა, Amnesty International-მა, ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ და აშშ-ის ორივე პარტიის სენატორებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას და ქვეყნის დემოკრატიულ გზას”. - წერია განცხადებაში.
განცხადებაში წერია, რომ ფაქტების გადამოწმების ქართული ორგანიზაციები ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო საზოგადოების “პატივსაცემი წევრები არიან” და “IFCN-ის “პრინციპების კოდექსის” დიდი ხნის ხელმომწერები – “მითების დეტექტორი" და FactCheck Georgia – აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გლობალურ სტანდარტებს”.
“მათი საქმიანობა უზრუნველყოფს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და აძლევს მოქალაქეებს წვდომას გადამოწმებულ, სანდო ინფორმაციაზე. [...]
2015 წელს დაფუძნებული IFCN იცავს პრესის თავისუფლებას და მხარს უჭერს ფაქტების გადამმოწმებლებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქართველი კოლეგების გვერდით”. - წერია განცხადებაში.





