რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

თუ პუტინი და ზელენსკი არ შეხვდებიან, ამას შესაძლოა რუსეთისთვის შედეგები მოჰყვეს – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Jonathan Ernst/Reuters/File

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუკი რუსეთის და  უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს არ შეხვდებიან, ამას რუსეთისთვის "ძალიან დიდი შედეგები" შეიძლება მოჰყვეს.

ამის შესახებ ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, ლი ჯაე მიუნგთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა შედეგები რუსეთისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიან, ტრამპი პასუხობს, რომ "ამას შესაძლოა ძალიან დიდი შედეგები მოჰყვეს".

"ამას შესაძლოა ძალიან დიდი შედეგები მოჰყვეს, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება. ეს რაღაც უნდა დასრულდეს. ეს ომი არასდროს მოხდებოდა და ოთხი წლის განმავლობაში არც მომხდარა". - თქვა ტრამპმა

როგორც ტრამპმა აღნიშნა, სურს, რომ ჯერ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები მის გარეშე შეხვდნენ და უთანხმოებები თავადვე მოაგვარონ. მისივე თქმით, თუ ეს მოხდება, ომის "დასასრულს ვიხილავთ".

"მინდა, რომ ჯერ ისინი შეხვდნენ. მათ სურთ, რომ მე იქ ვიყო. შესაძლოა იქ ვიყო და შესაძლოა - არა. ვნახავ. მინდა, რომ ჯერ მათ შორის უთანხმოებები თავადვე მოაგვარონ იმიტომ, რომ ეს მათ მიერ ერთმანეთის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებზეა. ვფიქრობ, როდესაც ეს მოხდება, მაშინ დასასრულს ვიხილავთ". - თქვა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ შემდეგე "ერთ ან ორ კვირაში" შესაძლოა სიტუაციაში "ძალიან მტკიცედ ჩაერიოს" და "თუ საჭირო იქნება, იქ იქნება". 

"ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ ერთ ან ორ კვირაში და ამ დროისთვის მე ძალიან მტკიცედ ჩავერევი და თუ საჭირო იქნება, იქ ვიქნები". - თქვა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის თქმით, პუტინსა და ზელენსკის “ერთმანეთი საშინლად არ მოსწონთ” და მათი გადმოსახედიდან ეს “ძალიან პიროვნულია”. 

"მათი გადმოსახედიდან ძალიან პიროვნულია, ამ ორს კაცს ერთმანეთი საშინლად არ მოსწონთ და მოგვიწევს, რომ ეს მოვაგვაროთ". - თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ტრამპმა მარკ ლევინის შოუში ინტერვიუს დროს თქვა, რომ პუტინი და ზელენსკი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების "პროცესში არიან". მანვე აღნიშნა, რომ "უკეთესი იქნება", თუ მის გარეშე შეხვდებიან და სურს, ნახოს, თუ რა მოხდება. 

მანამდე, თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტელეფონით საუბრისას პირობა დადო, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. 

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება არც ორმხრივ და არც სამმხრივ ფორმატს, თუმცა, დაამატა, რომ მსგავსი შეხვედრა "რაც შეიძლება ფრთხილად" უნდა დაიგეგმოს. 

მოგვიანებით, 21 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრის სავარაუდო ადგილებად შვეიცარია, ავსტრია და თურქეთი დაასახელა.

ხოლო  22 აგვისტოს ლავროვმა თქვა, რომ "პუტინი მზადაა შეხვდეს ზელენსკის, როდესაც სამიტის დღის წესრიგი მზად იქნება", ხოლო შეხვედრა ამჟამად არ იგეგმება. მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პოტენციური შეხვედრისთვის დღის წესრიგი ამ ეტაპზე არ არსებობს,

კომენტარები