აშშ-რუსეთი-საქართველო

"თუ რუსი ჯარისკაცები სწრაფად გავლენ, საქართველო ჩამოიშლება" – პუტინი კლინტონს 2000 წელს

en.kremlin.ru

2000 წლის 4 ივნისს კრემლში აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის გამართული პლენარული შეხვედრის აქამდე გასაიდუმლოებული მემორანდუმი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა. 

გასაიდუმლოებული დოკუმენტები მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ორგანიზაციამ, National Security Archive-მა მათი დეკლასიფიკაცია მოითხოვა

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კლინტონმა და პუტინმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხიც განიხილეს.

კლინტონმა პუტინთან საუბრის დროს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (CFE) ხელშეკრულება ახსენა და თქვა, რომ “საქართველოდან და მოლდოვიდან რუსეთის გამოსვლას მოელის”. კლინტონმა პუტინს ასევე ჰკითხა, თუ როგორ აპირებდა რუსეთი, რომ შეთანხმებული ვადისთვის საქართველოდან და მოლდოვიდან სამხედრო ბაზები გაეყვანა.

“საქართველოდან და მოლდოვიდან რუსეთის გამოსვლას მოველი. როგორ გეგმავთ, რომ შეთანხმებულ გასვლის ვადები შეასრულოთ?” - იკითხა კლინტონმა.

ხოლო პუტინმა კლინტონს უპასუხა, რომ რუსეთს ხელშეკრულების დარღვევა არ სურს და ის არა ჯარისკაცებს, არამედ აღჭურვილობას ეხება. მანვე თქვა, რომ “თუ რუსი ჯარისკაცები საქართველოდან ზედმეტად სწრაფად გავლენ, ის ჩამოიშლება, როგორც სახელმწიფო” და ძალაუფლებას ხელში “ბანდიტები” ჩაიგდებენ. 

“რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას, რუსეთს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ხელშეკრულება დაარღვიოს, რომელიც, ნებისმიერ შემთხვევაში, აღჭურვილობას მოიცავდა და არა განლაგებულ ძალებს. საქართველოში რეალური პრობლემა რუსულ ბაზებს ეხება, რომლებიც ხელშეკრულების ვალდებულებებისგან განცალკევებულია. საქართველოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შემდეგი რაუნდი ამ თვეში მოგვიანებით იქნება. თუ რუსი ჯარისკაცები საქართველოდან ზედმეტად სწრაფად გავლენ, ის ჩამოიშლება, როგორც სახელმწიფო. ქვეყანაში ძალაუფლებას ხელში ბანდიტები ჩაიგდებენ. ნათელია, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ კონტროლი დაკარგა. რეალურად, ზოგიერთი ქართველი მაღალჩინოსანი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში რუსული სამხედრო დაცვის გარეშე მგზავრობაზე უარს ამბობს. ასევე ადგილობრივი პირობები სწრაფ გამოყვანას ხელს უშლის”. - თქვა პუტინმა. 

შემდგომ პუტინი მოლდოვაზე საუბრობს, ვითარებას დნესტრისპირეთს ადრის და ამბობს, რომ “ვითარება დელიკატურია”. 

პუტინსა და კლინტონს თან ახლდათ ამერიკული და რუსული დელეგაციები.

კლინტონის გარდა აშშ-ს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

  • ქვეყნის სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი
  • რუსეთში აშშ-ს ელჩი ჯეიმს კოლინსი
  • პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სემუელ ბერგერი,
  • აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტრობ ტალბოტი,
  • ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, უოლტერ სლოკომბი
  • ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში აშშ-ს საგანგებო დავალებათა ელჩი, სტივენ სესტანოვიჩი 
  • სახდეპის თარჯიმანი, პიტერ აფანასენკო

ხოლო პუტინის გარდა რუსეთის დელეგაციაში შედიოდნენ:

  • ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი
  • უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი ივანოვი
  • მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში, სერგეი პრიხოდკო
  • რუსეთის ელჩი აშშ-ში, იური უშაკოვი
  • ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი, ვლადიმერ ჩხიკვიშვილი და სხვები.

კომენტარები