რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ვენსი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე: ვფიქრობ, რუსები სერიოზულ დათმობებზე წავიდნენ

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ რუსები სამნახევარი წლის განმავლობაში პირველად სამშვიდობო მოლაპარაკებებში სერიოზულ დათმობებზე წავიდნენ, კერძოდ, აღიარეს, რომ კიევში მარიონეტულ რეჟიმს ვერ დაამყარებენ და რომ ომის შემდეგ უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად გარკვეული უსაფრთხოების გარანტია ექნება.

ამის შესახებ ვენსმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

"ვფიქრობ, ამ კონფლიქტის სამნახევარი წლის განმავლობაში პირველად რუსები სერიოზულ დათმობებზე წავიდნენ პრეზიდენტ ტრამპთან. რეალურად მზად არიან, რომ მათ ზოგიერთ ძირეულ მოთხოვნაზე მოქნილი პოზიცია ჰქონდეთ. ილაპარაკეს იმაზე, თუ რა იქნება ომის დასასრულებლად საჭირო. რა თქმა უნდა, ისინი ჯერ არ მორჩენილან, თორემ ომი დასრულებული იქნებოდა, თუმცა ამ დიპლომატიურ პროცესში კეთილგანწყობით ვართ ჩართულები, ვცდილობთ, რამდენადაც შეგვიძლია, მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, რომ როგორც რუსები, ისევე უკრაინელები საშუალო პოზიციაზე შეთანხმდნენ, რათა მკვლელობა შეწყდეს". - თქვა ვენსმა. 

ვენსი აღნიშნავს, რომ რუსეთი "ყველა დათმობაზე" არ წასულა, თუმცა, მისი აზრით, მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია.

"რაც დათმეს ეს არის აღიარება, რომ უკრაინას ომის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობა ექნება. აღიარეს, რომ კიევში მარიონეტული რეჟიმის დამყარებას ვერ შეძლებენ, ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისში მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო. რაც მნიშვნელოვანია, მათ აღიარეს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის გარკვეული უსაფრთხოების გარანტია იარსებებს. კიდევ ერთხელ, ყველა დათმობაზე წავიდნენ? რა თქმა უნდა, არა. ომი უნდა დაეწყოთ თუ არა? რა თქმა უნდა, არა, თუმცა პროგრესი გვაქვს". - თქვა ვენსმა. 

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომი "ერთ ღამეში" არ დასრულდება და მოლაპარაკებების განმავლობაში "ზოგჯერ ფიქრობენ, რომ რუსებთან დიდ პროგრესს მიაღწიეს", ხოლო ზოგჯერ ტრამპი რუსეთით "ძალიან გაღიზიანებული იყო". 

"ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ რუსებთან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, ხოლო ზოგჯერ, როგორც პრეზიდენტს აქვს ნათქვამი, რუსებით ძალიან გაღიზიანებული იყო. გავაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, რათა ეს რაღაც დავასრულოთ. ვფიქრობ, რომ ეს ერთ ღამეში არ მოხდება, ვფიქრობ, რომ პროგრესს გავაგრძელებთ, თუმცა საბოლოოდ ის, შეწყდება თუ არა მკვლელობა, იმაზეა დამოკიდებული, რუსები და უკრაინელები აქ რეალურად საშუალო პოზიციაზე შეთანხმებას მოახერხებენ თუ ვერა". - თქვა ვენსმა. 

ამასთან, ვენსის თქმით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული გათვლების საფუძველზე მიიღებენ.

"სანქციები კვლავ განიხილება, თუმცა ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული სიტუაციის მიხედვით მივიღებთ, რას ვფიქრობთ, რას ექნება რეალურად სწორი გავლენა, რომ რუსები მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვიყვანოთ". - თქვა ვენსმა.

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა აქამდე რუსეთის წინააღმდეგ "აგრესიული ეკონომიკური ბერკეტები", კერძოდ, ინდოეთისთვის მეორადი ტარიფები, აამოქმედა და მისი მხრიდან "უფრო მეტი ეკონომიკური ზეწოლაა, ვიდრე ბაიდენის მხრიდან სამ წელიწადში". 

"პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ აგრესიული ეკონომიკური ბერკეტები აამოქმედა, მაგალითად, ინდოეთზე მეორადი ტარიფები, რათა რუსებისთვის მათი ნავთობის ეკონომიკით გამდიდრება რთული გახდეს. მან ნათელყო, რომ რუსეთი მსოფლიო ეკონომიკაში ხელახლა შეიძლება იყოს მიწვეული, თუკი მკვლელობას შეწყვეტენ, მაგრამ იზოლირებულად ყოფნას განაგრძობენ, თუკი მკვლელობას გააგრძელებენ. პრეზიდენტი ტრამპის მხრიდან ამ ომის დასასრულებლად უფრო მეტი ეკონომიკური ზეწოლაა, ვიდრე ბაიდენის მხრიდან სამ წელიწადში".  - თქვა ვენსმა. 

გარდა ამისა, ვენსმა იმედი გამოთქვა, რომ ომის დასრულებას 3 თვესა და 6 თვეზე დიდი ხანი არ დასჭირდება.

"რაც არ უნდა იყოს ამის შედეგი, დასრულდება თუ არა ომი 3 თვეში ან 6 თვეში ან იმედია, ამაზე გვიან არა, უნდა ვამაყობდეთ, რომ პრეზიდენტი გვყავს, რომელიც მკვლელობის შეწყვეტას ცდილობს". - თქვა ვენსმა. 

ცნობისთვის, აქამდე გამოცემა Reuters ავრცელებდა ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ მოითხოვს, რომ უკრაინამ მთელი აღმოსავლეთ დონბასი დათმოს, უარი თქვას NATO-ში გაწევრიანების ამბიციებზე, დარჩეს ნეიტრალური, დათანხმდეს არმიის შეზღუდვას და ქვეყანაში დასავლელი სამხედროები არ განალაგოს. 

რუსული წყაროების თქმით, სამიტზე პუტინმა უკან წაიღო ის ტერიტორიული მოთხოვნები, რომლებიც რუსეთმა 2024 წლის ივნისში წამოაყენა, რაც კიევის მხრიდან რუსეთისთვის ოთხი რეგიონის - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს - დათმობას გულისხმობდა. 

თუმცა, Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ითხოვს, რომ უკრაინამ დატოვოს დონბასის ის ნაწილები, რომელსაც ჯერ კიდევ აკონტროლებს. სამი წყაროს მიხედვით, ამის ნაცვლად მოსკოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიესა და ხერსონში ფრონტის ამჟამინდელ ხაზებს გაყინავს. 

ამასთანავე, Reuters-ის ინფორმაციით, პუტინი კვლავ ითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას NATO-ში გაწევრიანების ამბიციებზე და ამისთვის სურს, NATO-სგან კანონიერი დაპირება მიიღოს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით მეტად აღარ გაფართოვდება. 

წყაროების თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნებში ასევე შედის უკრაინის არმიაზე შეზღუდვების დაწესება და შეთანხმება, რომ დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა არ მოხდება. 

მოგვიანებით, NBC News-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

კომენტარები